ქრისტო ბოტევი - „ჩემს პირველ სიყვარულს“ და „დედაჩემს“

  12:31:49     20-08-2011

დიდი ბულგარელი პოეტი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და ეროვნული გმირი ქრისტო ბოტევი დაიბადა 1848 წლის 6 იანვარს. მამა მასწავლებელი იყო, ეროვნული აღორძინებისათვის მოღვაწე.

სწავლობდა ოდესის მეორე გიმნაზიაში, მერე ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტში. 1866 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ბესარაბიაში. 1867 წელს დაბრუნდა მშობლიურ კალოფერში. კირილესა და მეთოდეს ხსენების სახალხო დღესასწაულზე, რომლიც ერთ-ერთი დამფუძნებელი მამამისი იყო, ანტიოსმალური სიტყვით გამოვიდა, რის გამოც აიძულეს დაეტოვებინა სამშობლო. რუმინეთში წავიდა ემიგრაციაში.

1869 წელს აირჩიეს ბულგარეთის ცერნტრალური რევოლუციური კომიტეტის წევრად. 1871 წლიდან გამოსცემდა გაზეთს Дума на българските емигранти („ბულგარელი ემიგრანტების სიტყვა“). თანამრომშლობდა გაზეთთან „თავისუფლება“.

1875 წლიდან ქრისტო ბოტევი გახდა ბულგარეთის ცერნტრალური რევოლუციური კომიტეტის ლიდერი.

‎1876 წლის აპრილში ბულგარეთში აჯანყება დაიწყო. ქრისტო ბოტევი, სამხედრო საქმის მცოდნე ნიკოლოზ ვოინოვსკისთან ერთად ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ შეიარაღებულ რაზმს, რომელიც რუმინეთიდან გადავიდა ბულგარეთში.

ბოტევის 276 კაციანი რაზმი დიდ ზარალს აყენებდა თურქებს. მათ წინააღმდებ ოსმანთა რეგულარული არმიის 5 ასეული გაგზავნეს. აჯანყებულები გამაგრდნენ მთაზე, რომელსაც ბრაცა ერქვა.

1876 წლის 26 მაისს (ახალი სტილით 2 ივლისს) ქრისტო ბოტევი მოკლა თურქმა სნაიპერმა. როგორც ამბობენ, იმ რაზმის ყველა წევრი დაიღუპა.

ქრისტო ბოტევის არც თუ ბევრი ლექსია შემორჩენილი, მაგრამ რაც არის - შესანიშნავია. მის ლექსებს ხალხი ამღერებდა.

ქრისტო ბოტევის გარდაცვალებიდან ორიოდე წელიწადში ბულგარეთი დამოუკიდებელი გახდა...

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ქრისტო ბოტევის ორ ლექსს, რომლებიც თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ. მის შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება, შემდეგში ჩვენ გავიხსენებთ მის ლექსს „ჰაჯი დიმიტრი“ და სხვას.

 

ჩემს პირველ სიყვარულს

 

ნუღარ მიწვეთებ საწამლავს გულში,

ტრფობის სიმღერას ნუღარ მიმღერი,

ახალგაზრდობა არ მახსოვს ჩემი,

თუმცა ჯერ კიდევ არ ვარ ხნიერი,

მძულს ყოველივე დიდი ხანია,

რაც შენთვის მსხვერპლად მომიტანია.

 

გადაივიწყე მონას რომ ვგავდი,

შენი უბრალო ღიმის მნატვრელი,

შენს ერთ უბრალო გამოხედვაზე

რომ იელვებდა თვალში ნათელი.

ქვეყნად არ მქონდა არავის რიდი,

უნაზეს გრძნობებს ტალახში ვსვრიდი.

 

ნუ გაიხსენებ იმ სისულელეს,

მკერდია უკვე გაცივებული,

გულში სიყვარულს კვლავ ვეღარ აღძრავ,

რადგან სავსეა დარდით ეს გული.

 

შენ საკვირველი ტკბილი ხმით მღერი,

მაგრამ მღერიან უკეთ ჩიტები...

გესმის? გულს მიკლავს ღარიბთა კვნესა

და როგორ ვიყო მე დამშვიდებით...

დაჭრილ გულს უნდა იქ იყოს მარად,

სადაც მებრძოლთა სისხლი სდის ღვარად.

 

თავი ანებე ტკბილი სიტყვის შხამს,

მეხი ჰქუხს ქვეყნის შემარყეველი.

ყური მიუგდე ახალ სიმღერას,

კვნესით და ოხვრით მღერის ტყე-ველი.

მასში სევდა და ვაება მწველი,

ახალთან ერთად გაისმის ძველიც.

 

მიმღერე, კარგო, დარდზე მიმღერე,

მიმღერე მოთქმით, ნაღვლით ამავსე.

ძმა ძმას როგორ კლავს, ვით იღუპება

ახალგაზრდობა და სილამაზე.

მიმღერე, ქვრივი როგორ ღონდება,

ცას როგორ სწვდება ობლის გოდება.

 

მიმღერე, ან ხმას სულ ნუ გაიღებ,

გულთან ტკბილ ჰანგებს რა უნდა ხუნდად?

გულს გასაფრებად გააქვს ფართქალი,

გულs სწორედ იქით გაფრენა უნდა,

სადაც ხმა ისმის განწირულების

და ეცემიან განგმირულები.

 

იქ ქარიშხალი ხის ტოტებს ლეწავს,

რომ გვირგვინებად დაწნას ტოტები,

იქ ნაპრალები პირდაღებულნი

ცეცხლს ახველებენ გაბოროტებით.

იქ სიკვდილს მოაქვს ღიმილი ტკბილი

და საუკუნო ლოგინი ლბილი.

 

მაგრამ ის ჰანგი მე ვინ მიმღეროს,

გზნებით რომ ჰგოდებს ხალხის გასაჭირს,

ბრძოლის სიმღერა, რომლის გვერდითაც

ტრფობის სიმღერა ჩალად არას ღირს!

არავინ? გული არ გამიტყდება,

მე თვით ვიმღერებ ბრძოლის დიდებას.

 

დედაჩემს

 

დედავ, მე შენი სიმღერის სევდა

არ მშორდებოდა, სამ წელს თან მდევდა.

სწუხდი, რომ ბედი მოხეტიალის

არ მშორდებოდა ოხერ-ტიალი.

ჩემგან შენ წყენა არ გახსოვს წამით,

არ გამიფლანგავს ქონება მამის.

მაშ, შავბედს რატომ არ აქვს დანდობა,

რად ჭკნება ჩემი ახალგაზრდობა.

ჩემს ტოლებს შორის არავინ არი

ჩემსავით მუდამ გაუცინარი,

და არ მოუვა ჩემს ტოლებს აზრად,

რომ ჩემი გული ზამთარმა დაზრა.

მათ შორის არვინ მყავს ახლობელი,

რომ საიდუმლო ვუთხრა ყოველი.

მარტო, სულ მარტო დავრჩი ამგვარად

ოცნებისა და ფიქრის ამარა.

და ჩემს უბედურ სიჭაბუკეში

მხოლოდ შენ ერთი შემრჩი ნუგეში.

მაგრამ დავკარგე ყველა უფლება, ვხედავ,

რომ ძველებურად მიყვარდე, დედავ,

დიდხანს ვეცადე, მსურდა ბოლომდის,

რომ ბედნიერი დედა მყოლოდი.