60 წლის ზემოთ პირებისთვის კრიტიკულად საშიში იქნება, თუ არ მოხდება მათი ვაქცინაცია - გაბუნია

  14:22:44     09-09-2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 60 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაცია დროულად არ მოხდება, კორონავირუსის შემდეგი ტალღა მათთვის "კრიტიკულად საშიში" იქნება.

"ძალიან საყურადღებოა ის, რომ დღეს ჩვენ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც უფრო მეტი არის 60 წლის ზემოთ პირებში. ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელი გვაქვს ამ ასაკობრივ ჯგუფში. ამდენად ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ თანაფარდობა ვაქცინირებულებში ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და რაც მთავარია, ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ.

ამდენად, ჩვენი მიზანია ის, რომ ბევრი მოქალაქე მოვიცვათ მოკლე დროში, მაგრამ მიზნობრივი ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება არის პრიორიტეტი. ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ, ვაქცინაციის საბჭომ და პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, იქნება უფრო მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება რეალურად კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ჩვენ ახლა არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - თქვა თამარ გაბუნიამ.