ბელა ჩეკურიშვილის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
13:12:02     19-08-2011
ბელა ჩეკურიშვილს სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობ. კარგადაც წერს და აქვეყნებს კიდეც თავის ლექსებს. ამიტომ შევთავაზე პრესა.გე-ს მკითხველებისთვის გაგვეცნო მისი შემოქმედება. დამთანხმდა. ასეთ დროს თავად ავტორებს ვთხოვთ ხოლმე, თავად აირჩიონ, რომელი ლექსის დაბეჭდვა სურთ.
როგორც წესია, ლიტერატურული ნაწარმოების გამოქვენების დროს, მით უმეტეს, თანამედროვე ავტორის თუა აღნიშნული ნაწარმოები, ვცდილობთ თან ახლდეს მოკლე ბიოგრაფია ავტორისა, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს იგი. ბელასაც შევთავაზე თავისი ბიოგრაფია მოკლედ მოეთხრო ჩვენთვის:
„ოქროს კალმით არავინ იბადება, არც ფანქრით და არც ბატის ფრთით, ჰა, ჰა, თავზე მსუბუქი კანის ნაჭერი გამოგყვეს, რაზეც სოფლელი ბებიაქალი იტყვის, ქუდბედი დაჰყვაო, სამედიცინო ენაზე კი ამნიოტიც საც –ს ნიშნავს.
მეც ჩვეულებრივად დავიბადე, კალმის, ფანქრის, ბატის ფრთის, საბეჭდი მანქანის, კომპიუტერის და მით უფრო ქუდბედის, ანუ კანის თხელი აპკის გარეშე...
წერა-კითხვაც ჩვეულებრივად ვისწავლე, 1 კლასში, 6 წლის ასაკში, `აი, ია, აი თითი~ და ა.შ. მაგრამ როგორც ჩანს, კარგად ვისწავლე, სულ ხუთიანებზე ვარაკრაკებდი, სკოლასაც, მერე უნივერსიტეტსაც...
ხუთოსნები, როგორც წესი, ან ბრიყვები არიან, ან გენიოსები. მე ეგ წესი დავარღვიე, გამონაკლისი აღმოვჩნდი. ზოგადად, ჩემი თაობა აღმოჩნდა გამონაკლისი – იმედები არავის გავუმართლეთ, არც იმათ, ვინც ხუთოსნობის გამო ბრიყვებად გვთვლიდა და არც იმათ, ვისაც გენიოსებად მივაჩნდით. ჩვენ 90-იანელები ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი, ნაწილი მოგვკლეს, ნაწილს სული ამოგვართვეს...
ლექსების წერა მანამდე დავიწყე, ვიდრე გენიოსად მთვლიდნენ და იმედებს გავაცრუებდი, თუმცა, გაცრუების მერეც გავაგრძელე, ოღონდ უკვე სულამორთმეულის ფორმატში. ხოლო როცა თავს სულამორთმეულად გრძნობ, შეუძლებელია რამე გენიალური შექმნა. შესაბამისად, არც ჩემი ლექსებია გენიალური. პირველ კრებულს `ან - ან~ არასდროს ვახსენებ, მეორე კრებულს `ღია ბარათებს~ კი, ღია ბარათის ფუნქციის მეტი დატვირთვა არც აქვს...
ხანდახან სურვილი მიჩნდება, ახალგამოსულ წიგნებზე ჩემი შთაბეჭდილება გამოვთქვა, ზოგჯერ, ძველ წიგნებზეც და წერილობით ფორმას ვაძლევ. ხანდახან, უბრალოდ, ამბების მოყოლის სურვილი მიჩნდება, მოთხრობების ფორმატით, თუმცა, ხშირად სურვილი სურვილად რჩება და დაწყებულ ამბავს ბოლო იშვიათად აქვს ხოლმე (კეთილი კი არა, არცრანაირი), მაგრამ ჯერ ხომ არც მე მოვმკვდარვარ, ჰოდა, რა ვიცი, როდესმე, თავისით, ალბათ დრო მოვა...“
აღარაფერს დავუმატებთ და პირდაპირ საქმეზე გადავალთ, გთავაზობთ ბელა ჩეკურიშვილის რამდენიმე ლექსს.
სიზიფეს
ჯერ ქვა მოძებნე
და მტკიცე კვანძის შეკვრა ისწავლე,
თორემ იქ, ხელი ხავსისკენ გაგექცევა
და შერცხვები.
ეს ინსტიქტია,
ბოლო წუთებში ყველას უჭირს,
და ხანდახან ისეც ხდება, რომ
ხავსი მაშველ რგოლად იქცევა
და შენ, გალუმპულს,
ნახევარი ქალაქის თვალწინ
მადლობასაც გათქმევინებენ.
ჯერ ქვა მოძებნე
და ჩუქურთმის გათლა ისწავლე,
თორემ კედლებს ისე სწრაფად ამოიყვანენ,
ჯერ მუხლამდე,
მერე ყელამდე,
დაყვირებასაც ვერ მოასწრებ,
ბეტონის ყორეში აღმოჩნდები ჩაშენებული
და შენს ადგილას, ტაძრის ნაცვლად,
უსახური გალავანი იდგება ბოლოს.…
ჯერ ქვა მოძებნე
და ფერები გადაარჩიე,
ვიდრე ოსტატს ოქროს ბეჭედს შეუკვეთავდე,
იკითხე მათი წარმომავლობა და პოვნის ფაზები:
ზოგი ქვა სმენას ამახვილებს,
ზოგი აბრმავებს,
ზოგი გულს ამსხვრევს,
ზოგი ნაღველს შლის და
ზოგიც, სულაც, უმიზეზო ოცნებებს იწვევს...…
ჯერ ქვა მოძებნე,
და ზომები კარგად გათვალე,
ვიდრე შვილის გაჩენას გადაწყვეტდე,
თორემ ვინ იცის,
მამამ ახალშობილის გადაყლაპვა მოიგუნებოს.
თუ მზად გექნება შეფუთული, დაღებულ ხახას რომ შეაგებო,
იქნებ შეძლო და გადაარჩინო,
თორემ ღმერთები, ხომ იცი რომ
საკუთარ შვილებსაც არ ინდობდნენ
და მუდამ ძლიერის მხარეზე იდგნენ.
ჯერ ქვა მოძებნე,
და ვიდრე სურვილს ჩაუთქვამდე,
კარგად დაფიქრდი,
კიდევ გინდა დაბრუნება ამ ქვეყნად, სადაც
ქვებიც ამდენს მოსთქვამენ?
ბუხრის წინ ნამღერი
(ეძღვნება ნუსას)
ვიდრე მივფრინავთ
და საგნები ფორმასა და ზომას იცვლიან,
სიტყვები კი თანხმოვნებს კარგავენ და სიმღერებად გვედევნებიან,
როცა სურვილები ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანს
და შეხება აღარც გვჭირდება,
ვიდრე მივფრინავთ
და არ ვდარდობთ ნაკვალევზე _
ირიბია თუ დაღმავალი, დედას მოსწონს, ან მეზობელი ხომ არ ჭორაობს _
რადგან მიწაზე არ ვტოვებთ მას, გვგონია, რომ ვერავინ ხედავს,
ვიდრე მივფრინავთ
და უწონადობა საკუთარ სხეულს ისე გვაყვარებს,
ვნებისაგან პირდაპირ ვკივით
და ექსტაზში გვავიწყდება თვალის დახუჭვა
(აფრენის წინ როგორც გვასწავლეს),
რომ ფრთები არ გვაქვს და კაბის კალთა ორი ხელით უნდა გვეჭიროს,
ვიდრე მივფრინავთ
და მზესთან ახლოს სხვა ფერებს ვიძენთ,
ერთმანეთსაც სხვაგვარად ვხედავთ,
ვიწელებით, ან ვმოკლდებით ჩრდილებსა და აჩრდილებს შორის,
ხან ძალა ისე გვემატება, რომ კედლებს ვანგრევთ,
ხან კი ისე მოქნილნი ვხდებით,
სიოდ გავდივართ ნასვრეტსა და ჭუჭრუტანაში,
ვიდრე მივფრინავთ
და ვიყურებით მხოლოდ ცალ მხარეს,
ვერ ვამჩნევთ, როგორ იცვლება ჩვენს წინ ხედები, სეზონები და მოდური ტენდენციები,
მხოლოდ სიზმრის პერსონაჟები უფრო და უფრო კონკრეტდებიან
და უხამს ქცევებს მათგან ისე ხარბად ვითვისებთ,
არც კი ვწითლდებით...
ცოდვილთათვის
(საქინე მოჰამადი აშთიანის და სხვებს)
უცოდველი არავინ იყო,
მაგრამ ქვას ყველა ერთდროულად დავწვდით,
ახლა შეგვეძლო, ჯავრი გვეყარა იმაზე, რაც თვითონ ვერ გავბედეთ, რაც სხვამ გააკეთა და ამით ჩვენი სურვილებიც გაამჟღავნა.
უნდა ჩაგვექოლა ეს გამჟღავნებული სურვილები, ვიდრე ჩვენზეც ეჭვს მოიტანდნენ, ვიდრე დამბეზღებლები მომრავლდებოდნენ, ანდა მშიშრები საკუთარ თავს თვითონ გასცემდნენ.
ნაზარეველი შორს იყო და უცხო, ჩვენ კი როგორმე ფიქრის კვალი უნდა წაგვეშალა, რომ დაბნეულობა არ შეგვტყობოდა, უცხო მამრების ნდომით დაბერილი ძუძუსთავები დაგვეცხრო, ბარძაყები შეგვეკუმშა და ფეხებშუა მოწოლილი ვნება ზიზღად გაგვესაღებინა.
რისხვის გათამაშება არც დაგვჭირვებია, შიშმა დაგვიგრიხა სახეები, დაგვიგრძელა ხელები და ტკივილი აღარ გვიგვრვძნია, ქვას და მიწას ფრჩხილები რომ მივამტვრიეთ.
ერთი კია, სახეში შეხედვა ვერ გავბედეთ, ისე ვესროლეთ,
ალბათ იმ ორმოში საკუთარი თავები წარმოვიდგინეთ და დავფრთხით, ავ წინათგრძნობად არ აგვხდენოდა...
თემურ ჩხეტიანის ლოცვები:
შენ,
ბოლოს და ბოლოს მეც წამოვალ
მანდ, ცათა შინა
და გაპატიებ,
მაგრამ გეტყვი, რომ იმდენჯერ შეგეშალა, სასწორის პინებზე ვეღარ ეტევა და ზოგი თავზე შემოვიდგი, ზოგიც მხრებზე ჩამოვიკიდე, მომაქვს და მათი სიმრავლის თვითონ მრცხვენია.
იმდენჯერ გამაწბილე, ქვასავით აზვავებულ შენს სიცრუეს ვეღარ ვუყურებდი და მიწაში ვმარხავდი, ზოგს მშენებარე კედლებს ვატანდი, ზოგსაც ვფქვავდი, იქნებ წვიმებს გადაერეცხა.
იმდენჯერ დამემალე, ზღვაში ქვიშა გადავთვალე და ცაზე ვარსკვლავი და შენს ძებნაში ძვლები ისე შემომაცვდა, რომელი გზები და ზიგზაგები, ნემსის ყუნწში გავდივარ და ობობას ქსელს ძაფად ვეხვევი,
იმდენჯერ შეიცვალე, ბოლოს გამჭვირვალედ ვიღებებოდი, შენი ყველა ფერი რომ მიმეღო, სმენა დავიხშე და თვალები ამოვითხარე, პეპლის ჩქამიც რომ არ მომესმინა, კობრასავით გაყუჩებული ენის წვერით გსინჯავდი და ენად ქცეული უძრავად ვიწექი უდაბნოს ხვატში,
მაგრამ რადგან ბოლოს და ბოლოს შემომხვდები,
გაპატიებ,
როგორც მასწავლიდი - სამოცდაათგზის შვიდჯერ,
როგორც დამპირდი,
როგორც მუდამ შენ მპატიობდი...
მინდა გამცნო,
ჩემი სიხარული აეროსტატის ბურთივით გაიბერა და დამძიმდა, შემარყია და მიმაქროლებს.
მაგრამ დაწყვილება გადაკვეთას სულაც არ ნიშნავს,
აბა, გაიხსენე მატარებლის ლიანდაგები, ან პარალელური წრფეები სასკოლო დაფაზე, ნატურალურ რიცხვთა სისტემები, დღეები...
მინდა გამცნო,
რომ ვისწავლე მხარდამხარ სიარული, ისე, რომ არ შევეხო, არ გადავკვეთო, ვაკვირდები ჩემს ფეხებებს, მის ფეხებს, გამვლელთა ფეხებს, გამართულად სიარული გადაუკვეთელობას ნიშნავს, თორემ თუ ერთი ფეხი მეორეში აგვეხლართა, ან გამოვედეთ, ან დავაბიჯეთ, ხომ წავიქცევით.
ჰოდა,
მინდა გამცნო,
ხანდახან მისკენ არც ვიყურები, მხოლოდ ვუსმენ.
მეუბნება, რომ სიხარული ყველა განზომილებაში სიხარულად რჩება, სამოთხეშიც, პარალელურშიც, ვირტუალურშიც...