შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი - დავით კუტალაძე

  10:33:16     14-07-2021

მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა დავით კუტალაძემ სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, ის მართალ გზაზე დგას.

"მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს. იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს. მათ არ იციან რას ნიშნავს ადამიანობა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მეურნეობა. მე არ მეშინია არავისი, ვინაიდან ჩვენ მართალი ხალხი ვართ. მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრად და რუსეთთან კავშირი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ, შოუებშიც კი ყველანი ერთდროულად შემომიტრიალდა, მაშინ მივხვდი რომ მართალ გზაზე ვდგავარ",- განაცხადა კუტალაძემ.