სტრასბურგმა გიგი უგულავას საქმე წარმოებაში მიიღო
20:39:11     18-06-2021
სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე წარმოება დაიწყო. ინფორმაციას თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება საქმეს, რომლის საფუძველზეც 2020 წელს დააკავეს.
"ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ, - წერს უგულავა.
საერთაშორისო სამართლის იურისტის, სანდრო ბარამიძის ინფორმაციით კი, "სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა "კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს" სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს".