20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა
13:37:39     27-05-2021
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და "ქართული ოცნების" წევრებს შორის შეხვედრა დამთავრდა. ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დღეს, პირველი მოსმენით "ქართული ოცნება" აპირებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მათი ვერსია მიიღონ.
როგორც "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მმართველი გუნდი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის შენიშვნებს, მეორე მოსმენისას გაითვალისწინებს.
"ქართული ოცნება აცხადებს, რომ მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული რიგი შენიშვნებისა, რომელიც იქნა გამოთქმული, მაგრამ დღეს პირველი მოსმენისთვის ისინი აპირებენ თავიანთი პროექტის გამოტანას, რომელშიც ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნება",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება მხარეების პოზიციებს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამნისტია კონკრეტულ მუხლებს უნდა შეეხოს და არა 20 ივნისს, როგორც მოვლენას.
საუბარია, 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებსა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტზე - მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.