ნინო ლომჯარია დმანისის დაპირისპირებაზე - სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური
11:09:05     19-05-2021
სახალხო დამცველი 16 და 17 მაისს დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური და დროული.
"მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.სახალხო დამცველის შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური. კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას", - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის და აპარატურის დაზიანების ფაქტები.
"სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს ეფექტიანი გამოძიების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია დადგეს ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა. სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას", - აღნიშნავს უწყება.