"ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც პირიქითაა" - ნიკა მელია
23:47:49     18-05-2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, კიევში, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. მისივე თქმით, ჭორია, თითქოს მას და სააკაშვილს დაძაბული ურთიერთობა აქვთ და ეს პირიქითაა.
ამის შესახებ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.
"2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. მე ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. მიშას სამწუხაროდ, დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დაგებული დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი, ბევრი ადამიანი ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ რაიმე გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში. ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც არის პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიდრე მავანს გონია, ამიტომ არავის მივცემთ უფლებას პროვოკაციაზე წამოგვაგოს და სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს.
მთავარია ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ საქართველოში, პოლიტიკოსებმა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენ თუ არ ვირწმუნეთ როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ“, - ამბობს მელია