"ვაქცინის დანიშნულებაა სიკვდილისგან დაცვა, უცხოეთში PCR-ტესტის პასუხითაც წახვალთ" - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები აცრამდე და აცრის შემდეგ "/>


  00:22:14     13-05-2021

"ვაქცინის დანიშნულებაა სიკვდილისგან დაცვა, უცხოეთში PCR-ტესტის პასუხითაც წახვალთ" - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები აცრამდე და აცრის შემდეგ

1620851032publika.ge-100-000-.jpg

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ტრადიციული წესით შემუშავებული ვაქცინები, მაგალითად, როგორიცაა ჩინური წარმოების "სინოფარმი", აცრიდან ორი კვირის შემდეგ აყალიბებენ იმუნიტეტს კორონავირუსის მიმართ, თუმცა შედარებით სუსტს, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი, მისი ეფექტურობა 80%-მდე იზრდება.

იმუნოლოგის თქმით, ყველა არსებულ ვაქცინას ეფექტურობა სხვადასხვა პროცენტულობით ახასიათებს, თუმცა, მთავარია რომ, ყველა მათგანი იცავს ადამიანს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან:

"ყველა ვაქცინას, რაც არის ამ ეტაპზე ავტორიზებული, კრიტიკული მდგომარეობისგან და სიკვდილისგან დაცვა 100 %-ით შეუძლია. ეს არის მთავარი საკითხი. თუმცა მსუბუქი, ან ამ დაავადების ნებისმიერი ფორმის აცილება, ყველაზე ეფექტურად "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინებს" შეუძლიათ.

რაც შეეხებათ კორონაგადატანილ პაციენტებს, როცა დამთავრდება დაავადება და იზოლაციის პერიოდი, მათ შეუძლიათ გაიკეთონ ვაქცინა. მაგრამ რა ხდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში? რადგან ჩვენთან ვაქცინების დეფიციტია და კოვიდგადატანილები მატნაკლებად დაცულები არიან, იმ ადამიანებს უნდა დავუთმოთ ვაქცინა, ვისაც ჯერ არ აქვთ არანაირი იმუნიტეტი. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებიდან ოთხი თვის შემდეგ შეგიძლიათ ვაქცინაციით ისარგებლოთ. მაგალითად, საფრანგეთში ეს არის 6 თვე, დიდ ბრიტანეთში - 1 თვე, აშშ-ში კი იზოლაციის დასრულებიდან მეორე დღესვე.

სამწუხაროდ, ადამიანების ნაწილი იჯერებს, რომ ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ უკვე დაცულია და მოეშვებიან ხოლმე. თუმცა, სანამ ორი დოზა არ იქნება გაკეთებული და აცრის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგაც, არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან შანსი ვირუსის განვითარების მაღალია, მაშინ როცა ქვეყანაში შიდა გავრცელება მაღალ ნიშნულზეა" - განმარტა კულუმბეგოვმა "პირველი არხის" გადაცემა "ახალი დღის" ეთერში სტუმრობისას.

მანვე ისაუბრა კოვიდ-პასპორტების შესახებ და იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება იყოს შეტანილი მასში:

"რაც შეეხება კოვიდ-პასპორტს, ბევრისგან მსმენია: მართალია, ჯანმო-მ აღიარა "სინოფარმი", მაგრამ მე ამით შემიშვებენ ევროპაში? აქ არის ერთი პასუხი: ვაქცინის დანიშნულებაა სიკვდილისგან, ინტუბაციისგან და დაავადების მძიმე ფორმისგან დაცვა. სადმე შეშვება-არ შეშვებას ვაქცინაციას ვერ მივაბამთ.

საერთოდ, თუ კოვიდ-პასპორტები იარსებებს, მისი ფუნქცია იქნება არა ვაქცინირებულების სადმე შეშვება ან არ შეშვება, არამედ ეს იქნება პლატფორმა, სადაც დაიტანენ სამი ტიპის ინფორმაციას: ან ვაქცინირებული ვარ და არავინ მომთხოვს სინჯებს, ან გადატანილი მაქვს და ანტისხეულების ტიტრი მიწერია, და თუ არც ერთი მაქვს, არც მეორე, ნებისმიერი ქვეყანა შემიშვებს 72 საათის შემდეგ PCR-ტესტის საფუძველზე.

ამიტომ, მთავარია თქვენ გაიკეთეთ ვაქცინა და თუ ეს უცხოეთში წასასვლელად არ გამოგადგებათ, ტესტის გაკეთებით ყველა ქვეყანაში მოახერხებთ შესვლას" - აღნიშნა იმუნოლოგმა "ახალი დღის" ეთერში.


ავტორი: პრესა.ჯი