"ევროპულმა სასამართლომ კითხვა დაუსვა საქართველოს ხელისუფლებას " - ადვოკატები სარჩელზე

  16:15:35     12-05-2021

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეში ევროპული სასამართლოს მხრიდან მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია. დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, აღნიშნული მუხლი საქმეში მაშინ იხილება, როცა ხელისუფლება მართლმსაჯულებას არალეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს.

მელიას ადვოკატები ასევე ამბობენ, რომ ევროპული სასამართლო ნიკა მელიას საქმეს ალექსეი ნავალნისა და იულია ტიმოშჩენკოს პოლიტიკური საქმეების ჭრილში განიხილავს.

კერძოდ, მათი თქმით, ევროპული სასამართლოს წერილში ისეთი ტიპის საქმეებზეა ყურადღება გამახვილებული, სადაც მითითება იყო, რომ სახელმწიფოები მართლმსაჯულებას პოლიტიკური დევნისთვის იყენებდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვების ფორმულირებაში ტიმოშენკო და ნავალნის საქმეების ხსენება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ კითხვა დაუსვა საქართველოს ხელისუფლებას მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ, რომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის საკითხი იმ საქმეებში იხილება, როცა ხელისუფლება არალეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს მართლმსაჯულებას, ანუ პოლიტიკური პატიმრობის და პოლიტიკური დევნის საქმეებში.რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ ბუნებრივია, გავაგრძელებთ ნიკა მელიას ინტერესების დაცვას და შესაბამისად, შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ნიკა მელია იდევნებოდა პოლიტიკური მოტივაციით და მისი დაპატიმრება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალების მცდელობაა",-თქვა საძაგლიშვილმა.