ცერცვაძე - ახლა მოსახლეობის 2% გვყავს აცრილი, რაც ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს


  16:02:07     29-04-2021

ცერცვაძე - ახლა მოსახლეობის 2% გვყავს აცრილი, რაც ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს

1619697916cercvadze.jpg

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი ვერ იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი.

ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% მაინც აიცრება და პირბადის მაჩვენებელი 95% იქნება.

"ახლა 2% გვყავს აცრილი მოსახლეობის და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც ალბათ შემსუბუქდება, დაპატარავდება კომენდანტის საათის ინტერვალი. თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და მინისტრმა ბრძანა, რომ თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე", - ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ვაქცინაცია პირდაპირაა დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან. 

"ახლა ძალიან რომ გვშურს ისრაელის და რომ წერენ, აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი მთავრობაო. იმას კი არ წერენ, რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი, ისრაელს სამი თვის წინ ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ჰქონდა", - ამბობს ცერცვაძე.

როგორც ის აღნიშნავს, ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. 

"კომპეტენტურმა ინსტიტუტებმა დაითვალეს, რომ ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი ნიშნავს ერთი ადამიანის გადარჩენას. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენთან უკვე 40 000 ადამიანია აცრილი, ჩათვალეთ 200 კაცი პირდაპირ გადარჩა", - აცხადებს ცერცვაძე.


ავტორი: პრესა.ჯი