რობერტ სტურუასათვის (და სხვებისთვის) - რუსთველის შესახებ (ცნობარ-ლექსიკონიდან „ქართული მწერლობა“, I წიგნი)
10:43:03     18-08-2011
მე ვფიქრობ, საქართველოში ყოველმა ადამიანმა ხანდახან უნდა ჩახედოს ლექსიკონ-ცნობარს „ქართული მწერლობა“ (ან მსგავს წიგნებს), სადაც სხვადასხვა დროის ქართველი მწერლების მოკლე ბიოგრაფიებია და მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების მოკლე მიმოხილვა.
თუ კაცს ლიტერატურა, და საერთოდ ხელოვნება, უყვარს, ხანდახან უნდა გაიგოს ესა თუ ის მწერალი რომელ ეპოქაში ცხოვრობდა, როგორ აზროვნებდა, რას მოღვაწეობდა. ამგვარი წიგნები ადამიანებს ეხმარება ლიტერატურის, ხელოვნების უკეთ შეცნობაში. თუ ადამიანს ლიტარატურა უყვარს, რა თქმა უნდა... მით უმეტეს, თავისი აზრის გამოთქმას თუ აპირებს საჯაროდ...
ლიტერატურათმცოდნეები, საერთოდ ხელოვნებათმცოდნეები, მათ შორის თავად რომ დიდი შემოქმედებიც არიან, ხშირად მიმართავენ სხვა პიროვნებების ნააზრევს რომელიმე ნაწარმოების შესახებ... ეს მათ ეხმარება დაინახონ ის, რაც შეიძლება გამორჩათ.
გარდა ამისა, აქვე მინდა აუცილებლად ვახსენო, რომ შემოქმედი, თუ ის ნამდვილად შემოქმედია, არასდროს გამოთქვამს სხვა შემოქმედის მისამართით შეურაცმყოფელ სიტყვებს, თუნდაც არ მოსწონდეს მისი ნაწარმოები. შემოქმედისათვის დამახასიათებელი არ არის ვინმეს შეურაცხყოფა. და რაც მთავარია, ნამდვილი შემოქმედი, მეტიც, ნამდვილი ადამიანი არასდროს არ მოიხსენიებს იმას ცუდად, რითიც აღტაცებულია ადამიანთა მთელი თაობები, თუნდაც თვითონ სხვა მსოფლმხედველობისა და მსოფლმიმართებისა იყოს... ეს ხომ უკადრებელი რამ არის... თუ ასე მოიქცა ადამიანი, ის აღარ მიყვარს, მისი აღარაფერი მინდა, თუნდაც თემურ ლენგი აკრიტიკოს ამის მერე... აღარ მჯერა... არც მოვუსმენ... ერთ ბარიკადზე ვერასოდეს ვიქნებით... მეტიც, ყოველთვის შევებრძოლები... იმიტომ, რომ უარესს ველი მისგან...
ჩვენ ომი გვაქვს რუსეთის იმპერიასთან, მაგრამ არასდროს დავამცირებთ რუსი ხალხის საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს (შოვინისტურ რეციდივებს კი გავაკრიტიკებთ), ჩვენ ომები გვქონდა მაჰმადიანებთან, მაგრამ მათი სიწმინდეებისათვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია...
წარმოვიდგინოთ გოეთე, შილერი, ილია, გალაკტიონი, მიხეილ ჯავახიშვილი...
სხვანაირი შემოქმედი, თუნდაც საშუალო დონის, თუნდაც უბრალოდ მოქალაქე, წარმოუდგენელია ჰუმანური საზოგადოებისათვის.
ადამიანთა საყვარელი სიწმინდისათვის შეურაცხყოფის მიყენება დემოკრატია არ არის, აგრესიაა.
ხშირად ვფიქრობ, განათლებაა საჭირო თუ უფრო კეთილშობილება, ადამიანმა რაიმე, ვინმეს სიწმინდეს რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს? ასეა თუ ისე, განათლება მაინც საჭიროა, რათა რაღაც მაინც გაიგოს ადამიანმა, დაბრძენდეს და შესაბამისად იმოქმედოს...
დღეს თქვენთვის და ყველასათვის, წარმოვადგენთ ნაწყვეტს ლექსიკონ-ცნობარიდან „ქართული მწერლობა“, წიგნი I, გვ. 207 - რუსათველი შოთა. ტექსტი გადმობეჭდილია „ვეფხისტყაოსნის“ ვარიანტებიანი გამოცემიდან, ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქტორობით. აქ საუბარია ჩვენს საყვარელ პოეტზე და ადამიანზე, მის პოემაზე. წინამდებარე ნააზრევი უფრო უკეთ გაგვაგებინებს შოთა რუსთველის გენიალური ნაწარმოების უამრავ დადებით მხარეებს...
ცოტა ადრე თქვენთვის გამოვაქვეყნე (ოღონდ თქვენი გვარი და სახელი არ მიმითითებია) კონსტანტინე გამსახურდიას შესანიშნავი ესე: „აპოლოგია რუსთაველისა“. შეგიძლიათ აქვე იპოვოთ, პრესა.გე-ს ბიბლიოთეკაში. ასევე რამდენიმე პუბლიკაციაში ამ თემას შევეხე ყველას გასაგონად...
როგორც ვთქვი, წარმოგიდგენთ ნაწყვეტს:
„შოთა რუსთაველი - ...
... „ვეფხისტყაოსანი“ ეპიური თხზულებაა. პოემის სიუჟეტი არაბეთსა და ინდოეთში ვითარდება. ეს ორი ამბავი კომპოზიციურად გამთლიანებულია, მთლიანობა კი მიღწეულია ერთმანეთისაგან ორგანულად გამომდინარე სიუჟეტური რკალებით, იმგვარად, რომ ერთ სიუჟეტურ რკალში მეორეა ჩასმული, მეორეში - მესამე და ასე შემდეგ. ერთი სიუჟეტური რკალი თავის განვითარებას ასრულებს და კვანძის გახსნას თან ერთვის ექსპოზიცია მომდევნო სიუჟეტური რკალისა. ამბის გადმოცემა ინტერესის თანდათან გაძლიერების პრინციპს ექვემდებარება: ახალ სიუჟეტურ რკალს ახალი, უფრო საინტერესო ამბავი და მძაფრი სიტუაცია მოაქვს. არაბეთის ამბავს უცხო ყმის საიდუმლო ენაცვლება, ამ უკანასკნელს - ნესტანის ძებნა. ამ კომპოზიციური წრის ცენტრში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდ დგას ქაჯეთის ციხეში ბრძოლა ნესტანის გასათავისუფლებლად (ხაზი ყველგან ჩემია - გ. მ.). პოემის კომპოზიციაში არ ჩანს სიუჟეტის განვითარების ამ ერთი სისტემიდან გადახვევა, არ არის ამ ერთიანი ხაზიდან მოწყვეტილი არც ერთი ჩანართი. მსგავსად რენესანსული ეპოქის ლიტერატურის საერთო სპეციფიკისა, ყველა მიმოხვრა „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტში მკაცრადაა მოტივირებული და ავტორისეულ ჩანაფიქრს დამორჩილებული.
ადამიანი, რომელიც რუსთველს შემოჰყავს პოემაში, ყველა შემთხვევაში ერთი კუთხით დანახული, ერთი მიზნისთვის შექმნილი არ არის. მკვეთრად განსხვავდებიან, ერთი მხრივ, რეალისტის ხელით შექმნილი პერსონაჟები (ფატმანი, უსენი, ვეზირები, ვაჭრები, მსახურები...), რომლებიც მათთან დაკავშირებული ეპიზოდებითურთ ნაწარმოების მხოლოდ ცალკეულ დეტალებს ავსებენ, და, მეორე მხრივ, იდეალური გმირები, რომელთა სახით უშუალოდ კი არ გადმოიცემა სინამდვილე, რეალური ყოფა, არამედ იქმნება ახალი სინამდვილე, ახალი რელობა, პოეტისეული სამყარო. იდეალური ადამიანის დაყენება საკუთარი პოეტური სამყაროს ცენტრში არის გამოხატული რუსთაველის სწრაფვისა ახალი ეპოქისაკენ (ისე ხაზი თითქმის ყველა წინადადებას სჭირდება. -გ. მ.). ადამიანის დანახვა მხოლოდ დადებითი კუთხით და ამ დადებითის ჰიპერბოლიზება მსოფლმხედველობრივი განაცხადია ტრადიციულ რეალობათა გადასაფასებლად. სწრაფვა ამ სიახლისაკენ ახალი თემის წამოყენებით არ ამოიწურება მხოლოდ. განსხვავებით ამ პერიოდის საგმირო და სამიჯნურო ეპოსისგან, რომლის საუკეთესო ტრადიციებიც „ვეფხისტყაოსანმა“ იმემკვიდრა, რუსთაველი სხვა გზით მიდის. იგი აქებს არა საზოგადოდ მიჯნურობას და გმირობას, რომლესაც მოქმედი პირები სჩადიან, არამედ მიჯნურს, ადამიანს, რომელიც სჩადის ამ გმირობას. ეს უკვე რენესანსული აზროვნების დონეა. სიახლე ჩანს ამ იდეალური ადამიანის ხედვის რუსთაველურ სტილში. რუსთაველისეული იდეალური გმირები ამავე დროს რეალურნიც არიან. ეს რეალურობა ჩანს იდეალურ გმირთა რეალურ, ადამიანურ, ცხოვრებისეულ თვისებათა, დეტალთა და გრძნობათა ჰიპერბოლიზებით დახასიათებაში. პოეტი ეძებს ფარულ ნიუანსებს გმირის სულიერ სამყაროში, ხედავს პიროვნების ჭიდილს საკუთარ მესთან და ნაცვლად მოთხრობილი ამბის გარეგნული, ფაბულური მხარისა, ლიტერატურული ინტერესების გადატანას ცდილობს პერსონაჟის ფსიქიკაზე.
გვიანდელი შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის საგმირო და სამიჯნურო ეპოსისაგან განსხვავებით, რუსთაველი უფრო ღრმად იხედება ადამიანის შინაგან სამყაროში და ხედავს ადამიანური არსების, ადამიანის ბუნების სილამაზის უჩვეულო სიდიადეს. ადამიანური ნეტარების უმაღლეს სახედ და, ამდენად, უმაღლესი სიკეთის კატეგორიად, თანახმად ქრისტიანობის მორალური კონცეფციისა, რუსთაველი მიიჩნევს სიყვარულს. მაგრამ რუსთაველი ცდილობს ამ ეთიკური სისტემის ახლებურ გადააზრებას და სიყვარული, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ პოეტური სამყაროს ცენტრში დგას, არის არა ღვთაებრივი, არამედ ამქვეყნიური, ადამიანური სიყვარული, რომელიც გრძნობის სიწრფოებითა და სიდიდით ღვათაებრივს ბაძავს. რუსთველისეული სიყვარული ძალიან ფართო გრძნობაა, რომელიც გარკვეული კუთხით მოიცავს მიჯნურობასაც და მეგობრობასაც. როგორც მიჯნურობა, ისე მეგობრობა მოწონების საფუძველზე გამოწვეული დიდი ესთეტიკური განცდის აფექტით ერთბაშად აღმოცენებული გრძნობაა (ნესტანისა და ტარიელის გამიჯნურება, ტარიელისა და ფრიდონი, ტარიელისა და ავთანდილის, ავთანდილისა და ფრიდონის დამეგობრება). რუსთაველი აზრით, მეგობარიც ისევე „ცეცხლთა მომდებელია“, როგორც მიჯნური. ფრიდონის სამეფოსკენ გამგზავრებული, გულზე კაეშანმოდებული ავთანდილი თინათინისა და ტარიელისგან დაშორებით თანაბრად იტანჯება, მათთან დაცილებას ორი მზისგან მოშორებას ადარებს. სამიჯნურო თემატიკით რუსთაველი ტიპოლოგიურად ახლოს დგას მისი თანადროული ეპოქის ევროპულ მწერლობასთან, მაგრამ სიყვარულის როგორც ადამიანური გრძნობის ხედვით რუსთაველი ამ ფარგლებში ვერ ეტევა. რუსთაველის სიყვარული ის ამაღელვებელი ძალაა, რომელიც პიროვნულობის ფარგლებიდან არ გამოდის, პიროვნების გაკეთილშობილებას ემსახურება. იგი ბუნებრივი ადამიანური გრძნობაა და თავისუფალია როგორც რელიგიური თვალსაზრისისგან, ასევე სავალდებულო და ნორმირებული პირობითობისაგან, რომელიც აუცილებელი ელემენტია შუასაუკუნეობრივი ევროპული რაინდული სიყვარულისთვის. რუსთაველის შეყვარებულ წყვილთა მოქმედება სიყვარულის თავისუფალი აფექტით განსაზღვრული მოქმედებაა. რუსთაველი სიყვარულის ფსიქოლოგიური ბუნების გაგებაში ახალი გზით მიდის. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული სარაინდო ლირიკასთან შედარებით სიყვარულის ბუნებრივი გრძნობის განცდას განსხვავებულ, უფრო მაღალ საფეხურზე დგას. შენიშნულია, რომ ამ თვალსაზრისით რუსთაველის პარალელად მხოლოდ დანტე ალიგიერი შეიძლება გამოდგეს, რა თქმა უნდა, იმ თავისთავადობის გათვალისწინებით, რაც სიყვარულის დანტესეულ მისტიკურ გააზრებას თან ახლავს. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული ახლოს მოდის თანამედროვე ადამიანის სულიერ სამყაროსთან. ამ თვალსაზრისით რუსთაველი რენესანსული აზროვნების დონეზეა“...
ვგონებ საკმარისია, თუ გნებავთ ამ წერილს მთლიანად წაიკითხავთ აღნიშნულ წიგნში („ქართული მწერლობა“ (ლექსიკონი-ცნობარი), გვ. 207-219 (ბევრი არაა), თბილისი, 1984 წელი).