როგორ მიჰყიდა ქართველმა ქართველები ბედუინს მონებად

  09:58:25     18-08-2011

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა წარმოშობის, მათი ექსპლუატაციის დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნად გვევლინება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ამ დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიებისთვის, საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ნორმატიული ბაზის იმპლემენტაციის კუთხით.

შს სამინსიტროს განმარტებით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ხშირ შემთხვევაში განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე სახეშეცვლილი ფორმა. უბრალო განმარტებით, ტრფიკინგი მოიცავს პირის ძალისმიერ, მოტყუებით ან იძულებით რეკრუტირებას, მალვას, შეძენას, ტრანსპორტირებას ისეთი არანებაყოფლობითი აქტების ჩადენის მიზნით, როგორებიცაა: კომერციულ-სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული აქტები (პროსტიტუციის ჩათვლით), ან არანებაყოფლობითი შრომა. ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში არიან საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის წარმომადგენლები (განსაკუთრებით პოსტკონფლიქტური სიტუაციების – ყოფილ იუგოსლავიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების შედეგად) ისინი ასევე შეიძლება იყვნენ უმაღლესი განათლების, ყველა რასისა და კლასის წარმომადგენლებიც.

ყოველ წელიწადს მსოფლიოში, საშუალოდ, 2 მილიონიდან 4 მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ აზიიდან მოდის. ევროპაში 500 000 ადამიანი არის ყოველწლურად ტრეფიკინგირებული, 20 000 კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადამიანით ვაჭრობა ასევე მატულობს აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში. ტრეფიკინგის მხვერპლთა 70% არიან ქალები და გოგონები, რომლებიც ტრეფიკინგირებულნი არიან სექსუალური ექსპლუატაციისა და იძულებითი პროსტიტუციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მასობრივად ეწევა ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კამპანიას ვიდეო რგოლებისა თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებით, საქართველოს მოქალაქეები ამ დანაშაულის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან, ვინაიდან სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად თანხმდებიან საზღვარგარეთ არალეგალური გზებით სამუშაოდ წასვლას და საკმაოდ სოლიდურ თანხებს მონობაში იხდიან. 

გახსოვთ ალბათ, ეგვიპტეში ბედუინის მკვლელობის გახმაურებული ფაქტი, რომელიც ქართველმა ჩაიდინა. ასევე ცნობილია, რომ ის ადგილობრივმა სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან საქმე აუცილებელ მოგერიებას ეხებოდა. თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, როგორ აღმოჩნდა ქართველი ახალგაზრდა ბედუინის მონობაში. ისე, როგორც საქართველოს არაერთი მოქალაქე, იგი ტრეფიკინგის მსხვერპლად საკუთარმა ნაცნობმა აქცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ლევან ზ.-მ გადაწყვიტა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თითქოს ისრაელში გასამგზავრებლად, დახმარების აღმოჩენის ლეგენდით, თითეულ პირზე 3500 დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ნაცნობების, ისრაელში მცხოვრები და ეგვიპტეში მცხოვრები ბედუინის, ვინმე „ახმედას“ მეშვეობით საქართველოში გადაებირებინა და ეგვიპტეში სამუშაოდ გაეგზავნა საქართველოს მოქალაქეები. ლევან ზ. მათ ჰპირდებოდა, რომ საქართველო-თურქეთ-ეგვიპტის გავლით, ეგვიპტის უდაბნოდან მესაზღვრეების გვერდის ავლით, რამდენიმე დღეში ფეხით გადავიდოდნენ ისრაელის ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც რეალურად, ისინი ბედუინებთან მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებლად გახდებოდნენ უფასო მუშა-ხელი და ვეღარ დატოვებდნენ ეგვიპტეს.

ლევან ზ.-ს დაუკავშირდა მისი სამი ნაცნობი, რომლებსაც სურდათ ისრაელში სამუშაოდ წასვლა. მან აღნიშნული პირები დაარწმუნა, რომ თურქეთის გავლით გაამგზავრებდა ეგვიპტის ქალაქ კაიროში, საიდანაც არალეგალური გზით, ფეხით, უდაბნოს გავლით, გადაიყვანდა ისრაელში, რის სანაცვლოდაც თითეულ მათგანს გასამგზავრებლად უნდა გადაეხადა 3500 დოლარი.

შეთანხმებისამებრ, კაიროში ჩასვლისას, ისინი დაუკავშირდნენ ბედუინს, ვინმე „ახმედას“, რომელმაც ისინი ავტომანქანის საბარგულით წაიყვანა უდაბნოში. ვინაიდან „ახმედა“ არ აპირებდა მათ ისრაელში გადაყვანას, დაახლოებით სამი თვე აღკვეთილი ჰქონდათ თავისუფლება. შექმნილი იყო საცხოვრებლად აუტანელი პირობები, უდაბნოში ცხოვრობდნენ გაშლილ კარავში, არ ჰქონდათ საკვები და სასმელი, შეიარაღებული ბედუინების მხრიდან იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. „ახმედამ“ მათ განუცხადა, რომ ისრაელში გადაყვანას არ უპირებდა, ვინაიდან თვითონაც სჭირდებოდა მუშახელი საზამთროს და მარიხუანას ბაღებში, სადაც მათ იარაღის მუქარით უწევდა შრომით ექსპლუატაციას.

ბანაკში მყოფებმა გადაწყვიტეს ბედუინებისგან თავის დაღწევა, როდესაც მცველს ჩაეძინა ისინი გამოიპარნენ, მაგრამ ერთ-ერთი, ვინაიდან კარავში დარჩა პასპორტი, უკან დაბრუნდა. მისვლისას მცველს გამოეღვიძა და მათ შორის მომხდარი შელაპარაკებისას, თავდაცვის მიზნით მოკლა ბედუინი, მისივე კუთვნილი ბასრი იარაღით და შეძლო გაქცევა. გამოქცეულმა ტყვეებმა უდაბნოში მყოფ სამხედროებს სთხოვეს პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც ყველა გადაიყვანეს ქ. არეშიში მდებარე პოლიციის განყოფილებაში. ორი მათგანი საქართველოში დაბრუნდა მალე დაბრუნდა, ხოლო ბედუინის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი, მხოლოდ სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. ქართველმა სამართალდამცავებმა, ლევან ზ. ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.