რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ
13:31:57     07-04-2021
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ზოგად დამოუკიდებლობასაც. რატომ გვაწუხებს ეს ფაქტი და რატომ ვცდილობთ ამას ხაზი გავუსვათ ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გვეძლება - იხილეთ მონაცემები განსჯისთვის.
ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს 497 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. „კოვიდ-19”-ის პანდემიის გავლენამ რუსეთში ექსპორტი კი შეამცირა, მაგრამ სხვა ქვეყნებში ექსპორტი კიდევ უფრო მეტად შემცირდა და, შესაბამისად, რუსეთში ექსპორტის წილი საერთო ექსპორტში 13.1%-დან 13.2%-მდე გაიზარდა.
რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში დღეს 56.8%-ია. 2013-2019 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი 158 მლნ აშშ დოლარით (244%-ით) გაიზარდა, საიდანაც 110 მლნ რუსეთში გაყიდვებზე მოდის. 2020 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა და 120 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
იმპორტი - 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია და 900 მლნ აშშ დოლარს აღწევს. რუსეთს, თურქეთის შემდეგ, საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს.
საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსეთს თითქმის 100%-იანი წილი უჭირავს. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 18%-ით გაიზარდა.
პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ტურიზმის სექტორზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულება რადიკალურად შემცირდა. 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან 208,677 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 86%-ით ნაკლებია. შემოსავლების მხრივ პანდემიამდე საქართველო ყველაზე მეტად
ტურიზმით იყო დამოკიდებული რუსეთზე. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, 2020 წელს კი 50 მლნ დოლარამდე.
ერთადერთი, სადაც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება ჩანს, ფულადი გზავნილებია, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან არის კავშირში. 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 15%-ით შემცირდა და 364 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ მთლიან გზავნილებში 24.8% იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.3%-მდე დაეცა.
პანდემიის დასასრული ისტორიულად ხასიათდება სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდით. პანდემიის დროს შემცირებული მოთხოვნა, რაც განპირობებულია მოსალოდნელი არასტაბილურობის გამო მოსახლეობაში დანაზოგის გაზრდით და დაკრედიტების შემცირებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება პანდემიის დასასრულის დასაწყისიდანვე. გაზრდილი მოთხოვნა ისტორიულად ნარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდში, რაც მოიაზრებს როგორც ექსპორტის და იმპორტის ზრდას, ისე ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვან მატებას. მართალია, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაში რუსეთიდან შემოსულობების წილის შემდგომი მატება არაა მოსალოდნელი, მაგრამ ტურიზმის და ექსპორტ-იმპორტის შემდგომი ზრდა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებას რუსეთზე ამ დარგებში რუსეთის მონაწილების გათვალისწინებით და შესაბამისად, მთლიანად ქვეყნის დამოკიდებულებას ჩრდილოელ მეზობელზე.