ივანე მაჩაბლის „ოცნება“
11:17:32     17-08-2011
ამა წლის 8 ივნისს ივანე მაჩაბლის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილ წერილში, „ივანე მაჩაბლის გარდაცვალების დღისათვის (გვახსოვს ისიც, რომ მისი კუთხე ჩვენ გვეკუთვნის)“, ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ ტრაგიკული ბედის ქართველი შემოქმედის შესახებ. გავიმეორეთ ისიც, რომ მისი მამული, სამაჩაბლო, ისევე როგორც მთელი ჩრდილო ქართლი (ცხინვალის რეგიონი) საქართველოს ძირძველი კუთხეა და უნდა დაუბრუნდეს დედა-სამშობლოს. იქვე გავიხსენეთ მისი რამდენიმე წერილი, უცხოეთიდან გამოგზავნილი ახლობლებისათვის.
დღეს გვინდა ივანე მაჩაბლის ლექსი „ოცნება“ შემოგთავაზოთ. ეს ლექსი საოცარია თავისი შინაარსით და მშვენიერებით. ძალიან საინტერესოა, ვინაიდან წარმოგვიდგენს ჩვენი დიდებული მთარგმნელის პოეტურ სამყაროს. 20 და 14 მარცვლიანი სტროფების მონაცვლეობა ლექსს ანიჭებს მრავალფეროვნებას და საინტერესოა მკითხველისათვის. გარდა ამისა, ლექსი გვიჩვენებს ივანე მაჩაბლის დიდ სიბრძნესა და ჰუმანიზმს, კეთილშობილებას, მის პოეტურ ნიჭს...
ყოველი ადამიანი დაფიქრებულა დიდი კოსმოსის საიდუმლოებებზე. ყველას აოცებს უსასრულობა სამყაროსი. ყველას უფიქრია,ნუთუ არ არსებობს სადმე, სხვაგან, გარდა დედამიწისა, ცხოვრება, სიცოცხლის რაიმე ფორმა? ნუთუ მარტონი ვართ უსასრულო კოსმოსში?
1879 წელს, როცა ეს ლექსი დაიწერა, კოსმოსის შესახებ ადამიანებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ. ჩვენი სახელოვანი ივანე მაჩაბელი კოსმოსზე ფიქრობს, მისი აზრით კოსმოსი ისეთი დიდია, რომ იქ შეიძლება იყოს ცხოვრების რაიმე ფორმა. შეიძლება იყოს ჩანასახი ცხოვრებისა, ისეთივე პერიოდი, როგორიც გაიარა უხსოვარ დროში დედამიწამ... მშვენიერი შემოქმედი ივანე მაჩაბელი შესანიშნავად გადმოგვცემს ისეთ კითხვებს, ადამიანებს რომ აწუხებს. ლამაზად, პოეტურად გადმოგვცემს ადამიანების დამოკიდებულებას სამყაროსადმი, რომელშიც ჩვენ თავი უმთავრეს არსებებად მიგვაჩნია. ივანე მაჩაბელი მშვენივრად ხატავს კოსმოსს, მნათობებს ჩვენთვის შექმნილ სანთლებს ადარებს, რომლებიც ადამიანების, სულდგმულების ცხოვრების გასანათებლად არიან შექმნლილნი.
ფილოსოფიური თუ უბრალო ადამიანური მსჯელობების, კითხვების, წარმოსახვების შემდეგ ლექსში წარმოჩინდება მთავარი ოცნება დიდი ჰუმანისტი ივანე მაჩაბლისა - მას უნდა რომ ადამიანები იყვნენ თანასწორნი და ცხოვრობდნენ ძმურად...
ოცნება
ზაფხულის ღამეს ვიწექ გულ-დაღმა და შევყურებდი ჩემზედ შეკრულსა
ცისა კამარას უღრუბლ-უმთვაროს, ვარსკვლავებითა აჭრელებულსა;
არც ფრინველთ შტვენა, არცა მწერის ხმა ჩემსა გარშემო არ მოისმოდა,
და მიძინებულს მშვენიერს ღამეს ნიავიცა კი ძილს არ უფრთხობდა.
ვფიქრობდი, ნუთუ ვინცა შექმნა ცა და ქვეყანა, -
შექმნა ჩვენთვისა უთვალავნი ესე ვარსკვლავნი;
ნუთუ იმისთვის მზე და მთვარე ქვეყნად მოჰფინა,
რომ მხოლოდ სულდგმულთ ქვეყნიერთა დაგვიტკბოს თვალნი?
ნუთუ ბუნების სუფრა ჩვენ, კაცთ გვიშლია წინა
და სანთელს წილათ გვინათებენ ცის მნათობთ ალნი?
და შემოქმედმა ნუთუ მხოლოდ ჩვენ მოგვიჩინა,
ჩვენ, მიწიერთა, დედ-მიწის და ზეცის ძალნი?
არა, არ მჯერა, რომ ეს იყოს ქვენიერების განწყობილება.
ეს არის მხოლოდ ამაყი აზრი, ბუნებისადმი ცილის წამება;
დედა-მიწაა ერთი ვარსკვლავი ცისა სიღრმეში გადაკარგული,
ვინ მისცა ამას დანიშნულება სხვა ვარსკვლავთ შორის განსხვავებული?!
მე მჯერა, რომა ერთს გვარს მიზეზზედ ქვეყნის ბრუნვაა დამყარებული,
რომ ციურთ სხეულთ მრავალთ იგივე დასაწყისი აქვთ და დასასრული,
რომ ზოგს მათგანზედ, თუმც ჯერეთ კიდევ სულდგმულთ ცხოვრება არ დაუწყიათ,
მაგრამ კი ბევრთ სხვათ მნათობთ სიცოცხლე განგებისაგან წილათ ხდომიათ.
მჯერა, რომ ზოგნი სხვებზედ მეტად მოელვარენი
დედა-მიწისა წარსულს ხატსა წარმოგვიდგენენ,
ჯერ არცა მწერნი, არც ყვავილნი, არც მცენარენი
იქაურ ველთა არ ამკობენ, არ აჭრელებენ.
მაგრამ, რას ვამბობ? იქ რა უნდა ან ველს, ან ტყესა!
ბუნების ძალნი არ არიან ჯერ იქ დამცხრალნი,
იქ გაურჩევლად ერევიან ჯერ ერთმანეთსა
ცეცხლისა ალნი, წყლისა ორთქლნი, ქართა ქროლვანი.
მათზედ ყოველნი მიწის კავშირნი მსუბუქს ჰაერათ გარდაქცეულან:
რკინა და მიწა, ქვა და სულდგმული იქ სიცხის ბუღში ვერ გარჩეულან.
მჯერა, არიან ესე ვარსკვლავნი, ცეცხლით მოცულნი მიწის სახენი,
უზომ-უძირო, დაუსრულებელს, ცივსა სივრცეში მოცურავენი.
ვინ იცის, ვინა, ჯერეთ ძალნი რამდენთ მათგანთა
ცხოველ-მცენარეთ სიცოცხლითა აგვირგვინებენ,
მხოლოდ ცეცხლის მთათ აღმოხეთქა და ძვრა მიწათა
უწინდელის დროს მოძრაობას მოასწავებენ.
ვინ იცის კიდევ რამდენს მასთგანზე ნოე აშენებს თვის კიდობანსა;
რამდენზედ ქრისტე ჩაგრულთა შორის ჰქადაგებს წმინდა სახარებასა;
იქნება ზოგზედ ჩინგიზ-ყაენი ქრისტიანთ ქვეყნებს მტვერს ადინებდეს,
ანუ რუსთველი ვეფხის-ტყაოსანს თამარ-დედოფლის წინ კითხულობდეს?
იქნება იყოს იმისთანა ვარსკვლავი ცაზედ,
რომლისა ბედი ამ მიწის ბედს არ ერჩეოდეს;
იქნება ეხლა ჩემებრ კაცი სცხოვრობდეს მასზედ
და რასაც ვფიქრობ ეხლა, ისიც იმას ჰფიქრობდეს!
მაშინ იმის თვალს წარმოუდგება ცისა კამარა სხივ-მოფენილი,
ცისა კამარა უღრუბლ-უმთვარო, ვარსკვლავებითა აჭრელებული;
იქნება ქვეყნის მანათობელი მზე იმის თვალში მკრთალად ბჟუტავდეს
და დედა-მიწა უშველებელი თვით ვარსკვლავათაც კი არა სჩანდეს.
მჯერა, არიან ზოგიერთნი სხეულნი ცისა,
რომელნიც უქმათ, უსულოთა მიმოძრაობენ,
ყოველი კვალი გაჰქრობიათ მათ სიცოცხლისა,
მათზედა ძალნი ბუნებისა არარაობენ.
მნათობთა შუქნი უდაბურ ველთ არ დასცქერიან,
უდაბურება და მწყვდიადი რომ გაანათონ
და მოზუზუნე ქარიშხალნი იქ არა ჰქრიან,
რომა ვაება სიკვდილისა მათზედ მოჰფინონ.
მჯერა მე კიდევ, რომ ურიცხვთა ვარსკვლავთა შორის
არის ვარსკვლავი, რომელსაცა ჰხდომია ხვედრათ
იმის ახდენა, რაც ჩვენთვის ჯერ სიზმარი არის,
რაიც მრავალთა მიაჩნიათ შეუსრულებლათ:
იქა მტარვალთა მბრძანებელთა ხმა შეწყვეტილა,
იქ აღარ არის უსწორობა, შური და მტრობა,
იქ ათი მცნება ერთს მცნებათა გადაქცეულა,
ეს მცნება არის: „საუკუნოთ ყოველთა ძმობა!“
1879 წელი
(„ივერია“, 1879 წ. # 3)