ივანე ვაზოვის „ჩემი სიმღერა“, „ბულგარული ენა“ (და კიდევ ერთი ლექსი)
11:16:04     17-08-2011
დიდი ბულგარელი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ივანე ვაზოვი დაიბადა 1850 წლის 27 ივნისს ოსმალეთის იმპერიაში. მას უწოდებენ ბულგარული ლიტერატურის პატრიარქს. იგი გახლდათ ბულგარული ეროვნული და სახელმწიფოებრივი აღორძინების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იყო ბულგარეთის აკადემიის წევრი და განათლების მინისტრი 1897 წლის 7 სექტემბრიდან 1899 წლის 30 იანვრამდე.
დაიბადა პატარა ქალაქ სოპოტში, ბულგარეთში, ოსმალეთის იმპერიაში. მამას მინჩო ერქვა. მამამისი პატრიოტულად განწყობილი ადამიანი იყო. დედა, სიბა განათლებული და სათნო ქალი. ტრადიციული ოჯახი ჰქონდათ, ყველასაგან პატივცემული. შემდეგში მწერლის ორი ძმა, გიორგი და ვლადიმირი გენერლები გახდნენ, მისი ძმა ბორისი კი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი.
დიდმა მწერალმა სიჭაბუკიდან შეისწავლა სხვადასხვა უცხო ენები: რუსული, თურქული, ბერძნული. 1866 წელს შევიდა პლოვდივის გიმნაზიაში და იქ ფრანგულიც შეისწავლა. სიყმაწვილიდანვე გატაცებული იყო პოეზიით და ლიტერატურით.
მისი შემოქმედება, როგორც ვთქვით, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ბულგარეთისათვის.
დიდი ბულგარელი მწერალი ივანე ვაზოვი გარდაიცვალა 1921 წლის 22 სექტემბერს ბულგარეთში.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ წავიკითხოთ ივანე ვაზოვის რამდენიმე შესანიშნავი ლექსი, რომლებიც თარგმნილია გრიგოლ აბაშიძის მიერ.
* * *
ბოლო ექნება დაწყევლილ წყვდიადს,
დადგება ბოლო ჯავრის, დარდების,
შენ ისევ ნახავ ცხოვრებას დიადს
და წელში ისევ გაიმართები.
მოვა თაობა ბნელის დამნთქმელი,
მოვა ბოროტის დამამხობელი,
თავისუფლების დიდი, ნათელი
მზე გაგინათებს ცხოველმყოფელი.
წამების ცრემლი გაქრება ხალხში,
აღარ ივლიან თავდახრილები,
და მაშინ.. მაგრამ ვაი, რომ მაშინ
ქვეყნად მე უკვე აღარ ვიქნები.
ჩემი სიმღერა
მოვკვდები, წავალ ადრე თუ გვიან,
მეც მახსენებენ კარგად ან ცუდად,
ჩემს საფლავზედაც ამოვა ია,
ლექსი კი ჩემი იცოცხლებს მუდამ.
ბევრ სახელს, ბევრის ტყუილ დიდებას
გააქრობს, წაშლის წლების ნამქერი,
მათ ხსოვნას ხავსი მოეკიდება,
მაგრამ ვერ მოჰკლავს ლექსს ვერაფერი.
ლექსი ძმობას და სიმართლეს უმღერს,
მისი სიცოცხლე არ შემოკლდება,
ბნელს ჰკიცხავს, ებრძვის მონობის უღელს,
და ლექსი ჩემი როგორ მოკვდება.
მას ბალკანების ეშხი და ფერი,
მთების სიმღერის კილო მოჰყვება,
იგი სახალხო დიდებას მღერის,
სიმღერა ჩემი როგორ მოკვდება.
მას მივეც გულის საუნჯე სრული
რჩეულ ხმებად და რჩეულ ფერებად,
და ახლა ჩემი მთრთოლვარე გული
ჩემს ლექსებში ძგერს შეუჩერებლად.
მოშურნე მტერი, ჩემზე რომ ცდიდა
ძალას, სიხარბით თვით დამიწდება,
მე თვალს ვუსწორებ მომავალს მშვიდად,
რადგან მას ჩემი ლექსი მისწვდება.
ჩემს ლექსს - ბულგარელ ხალხის სულს უკვდავს
დრო შეამტკიცებს დუღაბის დარად,
ვით ბულგარეთი იცოცხლებს მუდამ,
ჩემი სიმღერაც იცოცხლებს მარად.
ბულგარული ენა
ენავ წუხილის, კვნესის და სევდის,
ჩემი სამშობლოს წმინდაო ენავ,
შენ ერთი იყავ ნუგეში დედის,
შენ უმტკიცებდი მომავლის რწმენას.
ვინ არ იკადრა შენი გინება,
ან ვინ დაგინდო დევნილი ჯერაც?
მაგრამ ვინ შესძლო, ან ვინ ინება,
ჩაკვირვებოდა შენს ლამაზ ჟღერას?
შეიგნო ვინმემ, თუ როგორ მაღლა
ანათებს შენი წმინდა ნათელი?
შენს ლამაზ სიტყვებს რა ღონე ახლავს,
რა ძალა აზრის გამომხატველი?!
შენ მოგაყენეს ბევრი ზიანი,
ტალახიანმა გაგთელა ფეხმა,
ყველანი, უცხო და შენიანი
შენ გიმეტებენ ლანძღვისთვის ერთხმად.
გაიძახოდნენ, რომ შემოქმედის
შენ ვერ აგიტანს აზრი გულწრფელი,
გამოგიყენებს შენ მხოლოდ ყბედი
და სიმღერისთვის ხარ მოუქნელი.
და რაც მე გავჩნდი, ეს ჩემი გულიც
მით იჩაგრება, მით იწამლება -
რომ შენი თრევა გულს მიკლავს მტრული
მოდად ქცეული ცილისწამება.
მე შევაბრუნებ ამ ლანძღვას ქებად,
დავეწაფები შენს წმინდა ძირებს,
მე შენ გადაგცემ ჯადოსნურ ხმებად
ჩვენი ოცნების მომავლის გმირებს.
მე შენ აღგადგენ ძლიერი რწმენით,
ლამაზს და დიადს, მტრების ალყაში,
რომ შენს მზრახველებს თვალს სჭრიდეს შენი
გაუქრობელი შუქის კაშკაში.