ლიბიის ოპოზიცია დედაქალაქისკენ მიიწევს
11:12:38     17-08-2011
ლიბიის ოპოზიციამ, უკანასკნელ ხანს, გარკვეული წარმატებები მოიპოვა. მისი საჯარისო შენაერთები ტრიპოლს მიახლოვდნენ. თუმცა, საბოლოო გამაჯვებამდე ჯერ საკმაოდ შორია. ამბოხებულებს, ძველებურად, იარაღის დეფიციტის პრობლემა აქვთ და დახმარებას კვლავ უცხოეთიდან ითხოვენ.
როგორც ადრე ვიუწყებოდით, ლიბიის ოპოზიცია მზადაა მიიღოს იარაღი ნებისმიერი მეგობრულად განწყობილი ქვეყნისგან. ამის შესახებ არაბული საინფორმაციო საიტი “ან-ნილი”, ეროვნული გარდამავალი საბჭოს პრეს-მდივნის, მუსტაფა ალ-გარიანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
“ეროვნული საბჭო მზადაა მიიღოს ან იყიდოს იარაღი მათგან, ვისაც სურვილი აქვს მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებების დაცვას ჯამაჰარიაში” – განაცხადა ალ-გარიანიმ. მისივე თქმით, ლიბიის ოპოზიციას სამხედრო მომზადებაც სჭირდება. როგორც ირკვევა, საბჭოს უკვე აქვს სია, თუ, კონკრეტულად, რომელი იარაღია მათთვის ახლა აუცილებელი. სიაში მძიმე ტექნიკაცაა შეტანილი.
როგორც ცნობილია, გარდამავალი ეროვნული საბჭო 27 თებერვალს შეიქმნა და მეამბოხეების მიერ გამოცხადებულია ერთადერთ ლეგიტიმურ სახელისუფლო ორგანოდ ქვეყანაში.