ბათუმში, დაუმორჩილებლობის მარშზე პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
11:35:23     08-02-2021
ბათუმში, დაუმორჩილებლობის მარშზე დაკავებულების წინააღმდეგ, პოლიციის შესაძლო ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
11 აქტივისტი, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისთვის, დაჯარიმდა ამტკიცებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა სცემეს და ზოგიერთ მათგანს ტანსაცმელიც შემოახიეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში სამართალდამცველებს მინიმუმ, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, მაქსიმუმ კი 5 დან-8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაუმორჩილებლობის მარშზე დაჯარიმებულებს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯამში 34 ათასი ლარი ეკისრებათ.