რუსეთი ლეგენდარულ საზენიტო კომპლექსს კონვეიერიდან ხსნის
22:52:25     16-08-2011
15 აგვისტოს, რუსეთის ოფიციალურმა პრესსამსახურებმა მართლაც რომ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს. ცნობა ელვისებური სისწრაფით ევროპას და ამერიკასაც მოედო, თუმცა თავიდან ალბათ ბევრმა ეს არ დაიჯერა და დეზინფორმაციად მიიღო. რეალურად კი, ცნობა პაპანაქება ზაფხულში თოვლის მოსვლის ტოლფასი იყო. რუსეთმა С-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპელქსის სერიული წარმოება სრულად შეწყვიტა. ამის შესახებ თავად კომპელქსის მწარმოებელი კონცერნის “ალმაზ-ანთეის” ხელმძღვანელობამ განაცხადა.
აქამდე, С-300-ის სერიული წარმოების პროცესი მხოლოდ ექსპორტული შეკვეთების წყალობით იყო შენარჩუნებული. უკანასკნელი კომპლექსი С-300ПМ, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაკვეთით 1994 წელს დამზადდა. მას შემდეგ, რუსეთს შეიარაღებაში აღნიშნული ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არ მიუღია. ამიერიდან კი, განთავისუფლებული საწარმო რესურსები ახალი С-400-ის წაროების ათვისებას მოხმარდება.
საზენიტო კომპლეექსი С-300 მსხვილი სამრეწველო და ადმინისტრაციული რაიონების, სტრატეგიული ობიექტებისა და სამხედრო ბაზების დასაცავადაა განკუთვნილი. დანიშნულებიდან გამომდინარე, მას როგორც აეროდინამიკური, ასევე ბალისტიკური სამიზნეების განადგურება შეუძლია. ეს პირველი საბჭოთა სისტემა იყო, რომელსაც საბაზო ვარიანტში ერთდროულად 12 სამიზნის გაცილება და მათგან 6-ის მიმართ, რაკეტების ერთდროული გაშვება შეეძლო. სისტემაზე მუშაობა 1960-იან წლებში დაიწყო.
მრავალფუნქციურობის პირობიდან გამომდინარე, ის ერთდოულად სამ მოდიფიკაციაში იქმნებოდა - С-300В, რომელიც სახმელეთო ჯარებისა და ჯავშანსატანკო დივიზიების დასაცავად იქნებოდა განკუთვნილი; С-300Ф, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე უნდა განთავსებულიყო და С-300П - ის ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველსაყოფად იყო გამიზნული.
1978 წელს, შეიარაღებაში ამ სისტემის პირველი ვარიანტი С-300ПТ მიიღეს. მის აღნიშნვაში ლიტერა „Т“ ტრანსპორტირებადს ნიშნავს - მის შემადგენლობაში შემავალი ყველა ელემენტი მისაბმელებზე ბაზირდებოდა, რომელთა ტრანსპორტირებაც გამწევებით ხდებოდა. კომპლექსი ორი ტიპის რაკეტას მოიხმარდა. პირველი მოდიფიკაციის შემთხვევაში, სამიზნის განადგურება 47 კმ-ის დისტანციაზე შეიძლებოდა, მეორე მოდიფიკაციის შემთხვევაში, ეს სიდიდე 75-90 კმ-მდე იზრდებოდა. С-300ПТ-ს სერიული წარმოება 1980-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.
სისტემა С-300-ის სხვადასხვა მოდიფიკაციები რუსეთის, ინდოეთის, საბერძნეთის, ვიეტნამის, უნგრეთის, სომხეთის, ალჟირის, ბელორუსიის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ყაზახეთის, უკრაინის, სომხეთის და ჩინეთის (უშვებს საკუთარ ვარიანტებს) შეიარაღებაშია.
სხვათა შორის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსებმა ამ ტიპის საზენიტო -სარაკეტო კომპლექსები 2008 წლის შემოდგომაზე, აფხაზეთშიც შეიყვანეს. ამ ორი დივიზიონიდან ერთი გუდაუთაში განალაგეს, რომელიც იქ არსებულ რუსულ 7-ე ბაზას დაიცავს, მეორე კი - აგუძერაში.
მოდიფიკაციიდან გამომდინარე, ამ ტიპის საზენიტო - სარაკეტო კომპლექსებს მინიმალური ხუთი და მაქსიმალური 200 კმ-ის დისტანციაზე (მოდიფიაკცია С-300ПМУ2) მფრენის სამიზნის განადგურება შეუძლიათ. С-300В-ს შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 250-ს შეადგენს. თავად გასანადგურებელი სამიზნის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე კი 1200-დან 2500 მ/წმ-მდე ვარირებს. კომპლექსის შემადგენლობაში შემავალ რადიოლოკაციურ სადგურს სამიზნის აღმოჩენა მაქსიმალურ 300 კმ-ის დისტანციაზე შეუძლია. კომპლექსისგან დასხლტომა პრაქტიკულად შეუძლებელია. მას 20-25 მ-ის სიმაღლეზე მფრენი სამიზნის განადგურებაც კი შეუძლია.
2010 წელს წელს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და ყაზახეთმა ასტანასთვის ამ ტიპის შეიარაღების გადაცემაზე მოილაპარაკეს. ყაზახური მხარე С-300-ებს უსასყიდლოდ მიიღებდა, რადგან ამავე შეიარაღებით რუსეთის გასწვრივ არსებულ საზღვარს დაიცავს.
რეალურად, С-300-ის სერიული წარმოების გაგრძელება კიდევ რამოდენიმე წელს შეიძლებოდა. ჯერ კიდევ 2007 წელს ირანთან კომპლექსის С-300ПМУ-1-ის მოდიფიკაციის ხუთი დივიზიონის მიწოდებაზე, ირანთან 800 მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა. დიდი დროის განამვლობაში, კონტრაქტის განხორციელებას ტექნიკური პრობელემები უშლიდა ხელს, 2010 წლის ზაფხულიდან კი, საქმეს გაეროს სანქციების დაემატა და საბოლოოდ, თეირანი ამ კომპლექსების გარეშე დარჩა.
თეორიულად, რუსეთს შანსები თურქეთშიც აქვს. 2009 წლიდან, თურქეთის თავდაცვის უწყება, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოდერნიზაციის ფარგლებში ახალ საზენიტო კომპლექსებზე ტენდერი გამოაცხადა. მასში მონაწილეობა რუსეთმაც მიიღო. აქ С-300-ის კონკურენტებს ამერიკული „პატრიოტი“, ჩინური HQ-9 (სხვათა შორის, ის საბჭოური კომპლექსის ზუსტი ასლია) და ევროპული SAMP/T Aster 30-ია. მაგრამ რუსეთს ქვეყანაში, რომელიც 1952 წლიდან “ნატოს” წევრია, გამარჯვების მიზერული შანსები აქვს.
ამ კომპლექსის სერიული წარმოების შეწყვეტის მიუხედავად, მსოფლიო იარაღის ბაზარზე ის აქტუალერი კიდევ არაერთი წელი იქნება. მყიდველის გამოჩენის შემთხვევაში კი, მისთვის კომპლექსების მიწოდება თავად რუსეთის სამხედრო მარაგებიდან შეიძლება. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში, რუსეთი შეიარაღებიდან С-300-ების ეტაპობრივ მოხსნასა და მათ ნაცვლად С-400-ების მიღებას გეგმავს. თუმცა არის ერთი პრობლემა. არსებული კომპლექსის სერიული წარმოების შეწყვეტის მიუხედავად, ახლის წარმოება ჯერ არ დაწყებულა.
ამ მომენტისთვის, „ალმაზ-ანთეის“ С-400-ზე არც ერთი ექსპორტული შეკვეთა არ აქვს მიღებული. თუმცა საკუთარი დაინტერესება ბელორუსიამ და საუდის არაბეთმა უკვე გამოხატეს. თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი მხოლოდ ამ კომპლექსის ორი პოლკი შეიძინა (თითოში 32 გამშვები დანადგარი). პერსპექტივაში, კიდევ 56 დივიზიონის შეძენა იგეგმება, თითო რვა გამშვები დანადგარით.
გარდა ამისა, 2013 წლამდე რუსეთი შეიარაღებაში Морфей-ის, 2015-მდე კი - Витязь-ის ტიპის საზენიტო კომპლექსის მიღებას გეგმავს. იმავე 2015-ში შეიარაღებაში ახალი თაობის С-500-ის მიღება მოხდება.
ზოგადად, С-300-ის სერიული წარმოების შეწყვეტა სავსებით ლოგიკური იყო. მისი წარმოება 1978 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, 18 სახმელეთო მოდიფიკაცია შეიქმნა (მათგან 3 საექპორტო). მუდმივი გაუმჯობესების მიუხედავად, თანამედროვე პროგრესის პირობებში, ამ ტექნიკასაც სჭირდება შეცვლა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, С-300 კიდევ არაერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპლექსად დარჩება.