კალაძე ოპოზიციაში - კომბინაცია, რომელსაც ქართული ოცნება ადგილობრივი არჩევნებისთვის გეგმავს
10:30:38     03-02-2021
ქართული ოცნება ამუშავებს სქემას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისის მერი კალაძე შესაძლოა ოპოზიციაში გადავიდეს.
ეს იქნება ფორმალური წასვლა ოცნებიდან, ჯამში მეტი ხმის მიღების პერსპექტივით.
კერძოდ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და ერთპარტიული პარლამენტის ფონზე, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკიდან გაქცევაც დაემატა, ქართულ ოცნებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების შანსები უმცირდება.
ყოველდღიურად იზრდება ისეთი ამომრჩევლის რიცხვი, რომელიც ქართულ ოცნებას მხარს ღიად აღარ უჭერს, თუმცა, არც დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ემხრობა.
შესაბამისად, იგეგმება ასეთი სცენარი: კალაძემ, შესაძლოა, ზაფხულის ბოლოს გამოაცხადოს ოპოზიციაში გადასვლის შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციიდან დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. შემდეგ კი გაერთიანდეს პარლამენტში შესულ ოპოზიციურ ჯგუფებთან.
პარალელურად კი, თავისი კანდიდატი ეყოლება ქართულ ოცნებასაც, რაც მმართველი პარტიის იდეოლოგების აზრით, ჯამში მეტი ხმის მობილიზებას გამოიწვევს.
მაგალითად: ოპოზიციაში გადასული კალაძე მიიღებს საკუთარ ხმებს დამატებული ქართულ ოცნებაზე გაბრაზებული, მაგრამ არა ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩევლების ხმათა ჯამს.
ქართული ოცნების კანდიდატი კი მიიღებს სახელისუფლებო ხმებს დამატებული ქართული ოცნების ხმათა ჯამს.
მმართველი პარტიის იდეოლოგების აზრით, ოპოზიციაში გადასული თბილისის მერისა და ქართული ოცნების სხვა კანდიდატის ხმათა საერთო ჯამი, ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ის ხმები, რომელსაც კალაძე, როგორც ქართული ოცნების კანდიდატი აიღებდა...
ამას ემატება სუსის მიერ კალაძის კადრების დევნა და მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, რაც გამორიცხული არ არის რომ სწორედ თბილისის მერის ოპოზიციაში გადასვლის წინაპირობა გახდეს - მეტი დამაჯერებლობისათვის.
რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერჯერობით, ოპოზიციურ ფლანგზე, ამ კუთხით აქტიურობა არ შენიშნება.
არჩევნები მოპარულია, ძალაუფლება მიტაცებული, პარლამენტი კი ერთპარტიული, თუმცა, ქართული ოცნება კვლავ ხელისუფლებაშია.
ისმის კითხვა: რა მექანიზმებით ინარჩუნებს ქართული ოცნება (რომელსაც უკვე ივანიშვილიც კი გაემიჯნა), ხელისულებას ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის, უმწვავესი სოციალური ფონის გათვალისწინებით?
იმიტომ რომ ქართული ოცნებაა ძლიერი თუ იმიტომ რომ ოპოზიციაა სუსტი და მას გაძლიერება და საერთო ოპოზიციურ ფორმატში თუნდაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა სჭირდება?