
შსს გახარიას კადრების გარეშე - საკადრო წმენდა გრძელდება
23:52:51     01-02-2021
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უწყებას გახარიას კადრებისგან ასუფთავებს, პრემიერი კი შს მინისტრთან დაპირისპირებას არ ადასტურებს.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ილია კვაღინიძეა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სოდ-ის თანამშრომელი იყო და ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაცია პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი.
2012 წლის შემდეგ, ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირიცხებოდა, შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეთა სამმართველო ჩაიბარა, ბოლოს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კვაღინიძის მფარველად შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე მოიაზრება.
ძალოვანი უწყებიდან წასასვლელად და პოლიტიკური თანამდებობის ჩასაბარებლად ემზადება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. კოტე ანანიაშვილი გახარიას კადრად მოიაზრება და გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს ჩაიბარებს.