ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს
11:23:40     26-01-2021
საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-აცხადებენ უწყებაში.