შანდორ პეტეფის „სამშობლოში“ (და სამი სხვა ლექსი)
10:56:42     16-08-2011
დიდი პოეტი, უნგრეთის სიამაყე, შანდორ პეტეფი (Sándor Petőfi) დაიბადა 1823 წლის 1 იანვარს. ოჯახი 1838 წელს გაკოტრდა და სიღატაკეში ცხოვრობდა, ამიტომ მომავალმა პოეტმა სწავლას თავი დაანება. 1839 წელს ჯარისკაცი გახდა, ჯანმრთლობის გაუარესების გამო 1841 წელს არმიიდან გამოუშვეს. იყო მოხეტიალე დასის მსახიობიც...
მისი პირველი ლექსი 1842 წელს გამოქვეყნდა. უნგრეთის დიდი პატრიოტი 1847 წელს სათავეში ჩაუდგა „ახალგაზრდა უნგრეთის“ ორგანიზაციას. მან შექმნა ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი „ათეულის საზოგადოება“, რომელიც ლიტერატურის დემოკრატიზაციისათვის იბრძოდა. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის „12 პუნქტის“ შემუშავებაში. იყო ბუდასა და პეშტის 1848 წლის 15 მარტის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საერთოდ, 1848-1849 წლების რევოლუციური და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იბრძოდა უნგრეთის დემოკრატიული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებისათვის. მისი ლექსები აღაფრთოვანებდა ხალხს…
დიდი პოეტი დაიღუპა 1849 წლის 31 ივლისს ტრანსილვანიაში, რუსეთის იმპერიის, პასკევიჩის არმიის კაზაკების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშინ უნგრეთის ეროვნული გმირი მხოლოდ 26 წლისა იყო...
დღეს გთავზობთ შანდორ პეტეფის ოთხ შესანიშნავ ლექსს, რომლებიც თარგმნილია გრიგოლ აბაშიძის მიერ.
სამშობლოში
აი, ჩემი სამშობლო, ეს ალფელდის ტრამალი,
სადაც ჩემი ოცნება აფრენილა ფრთამალი.
სადაც მიწას ატყვია ჩემი ნატერფალები
ბავშვობის მოგონებას აქ ვერ დავემალები.
ისევ მღერის, შორს მღერის ჩემი კარგი გადია:
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
მე აქედან წავედი, ბალღი ვიყავ პატარა,
ახლა კაცი ვბრუნდები, ბედმა სად არ მატარა!
ოცი წელი გავიდა სიხარულის, ნაღველის,
ოც წელს არა ვყოფილვარ ამ მიდამოს მნახველი.
ოცი წელი რა არი, ერთი წამის დარია!
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
სად ხართ ჩემი ტოლები, ჩემი სოფლის ბიჭები,
ჩემთან შესაგებებლად, რად არ გამოიჭრებით!
აღარ გვითამაშია, რაც დაგშორდით მას აქით,
მოდით, ისევ ვიცელქოთ, დავივიწყოთ ასაკი.
ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია...
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
როგორც ტოტზე ტოტიდან დაფრინავენ ჩიტები,
ფრენენ ჩემი ფიქრებიც, რომელს გავეკიდები?!
როგორც მინდვრის ყვავილებს თავს ეხვევა ფუტკარი,
მოგონება მეხვევა სხვისი და საკუთარი.
რომელ ერთზე შევჩერდე, თითქოს მთელი ჯარია!
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
აი, პაწაწინა ვარ, მინდორში ვართ ყველანი,
ტირიფის ჯოხს მოვახტი, გავაქროლე მერანი,
მიჰქრის ცხენი, არა აქვს, არც ფაფარი, არც ძუა,
წყლის დალევა მოუნდა გახურებულ აჩუას,
გავაქანე წყაროსკენ, წყალი ბლომად დალია.
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
მწუხრზე ზარის დარეკვა მესმის ძიძის ძახილად,
მომყავს ცხენი დაღლილი, ცხენოსანიც დაღლილა.
ძიძა მუხლზე დამისვამს, ლექსი იცის რამდენი!
ძილისპირულს დამმღერის ჩემი კარგი გამდელი.
ვუსმენ, მაგრამ არც ვუსმენ, ნახევრად სიზმარია:
„ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
ისევ შემოდგომა
ისევ მოვიდა მშვენებით სავსე,
რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა.
მიყვარს, არ ვიცი რად მიყვარს ასე,
რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა!
ვზივარ მაღლობზე და აღტაცებით
გავყურებ სივრცეს მოწყენილ ცისკენ,
და ხმელი ფოთლის დაბლა დაცემის,
ხიდან მოწყვეტის ხმაურსაც ვისმენ.
მზის სხივი კრთება ცაზე, გვიანი,
სათქმელი ჰქონდეს თითქოს ფარული,
მზე დედასა ჰგავს ალერსიანი,
მიწა ბავშვია ძილმოპარული.
არა,
არა ჰგავს მიწა მომაკვდავს,
თუმცა ძლივს ახელს თვალს ფერმიხდილი.
მას დაღლილივით ძალი მოაკლდა,
მას ძილი უნდა, განა სიკვდილი?!
მას გაუხდია სამოსი ჭრელი,
საწოლთან უდევს, იგი მზად არი,
კვლავ ჩასაცმელად დაავლოს ხელი,
როგორც კი გავა ცივი ზამთარი.
იძინე ასე, ბუნებავ, ტკბილად,
მძინარიც მიყვარს მე შენი სახე
და ვიდრე მოვა ზაფხულის დილა,
იძინე, ტკბილი სიზმრები ნახე.
აი, ეს ქნარიც, ეს ჩემი ქნარიც,
შენს ძილისპირულს არ დამღერს განა?
ჩემი მწუხარე სიმღერა წყნარი,
მინდა გაისმას სევდიან ნანად!
დაჯექ ჩემს ახლოს, იყუჩე, კარგო,
ჩემს მკერდს მოეყრდენ თვალმიხუჭული,
მისმინე, ვიდრე არ დაიკარგოს -
ჩემი ხმაც, როგორც სიოს ჩურჩული.
იყუჩე და ტუჩს შეახებ, როცა,
უხმოდ შეეხე ჩემს მწყურვალ ტუჩებს
მაკოცე ჩუმად, რომ ჩვენმა კოცნამ
არ გააღვიძოს ბუნება უცებ.
ვარდი ხარ?
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ? ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.
ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად,
ჯოჯოხეთი ხარ, ჩემო ლამაზო?
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.
საამო ღამე
საამო ღამე! ბაღის სურნელი
გვხიბლავს ძვირფასო, ტკბილსასურველი.
სიჩუმე. სადღაც ძაღლი წკავწკავებს.
ცა ჰყვავის მშვიდი,
თეთრდება ბინდი,
კაშკაში გააქვთ ცაზე ვარსკვლავებს.
მე ვიქნებოდი ვარსკვლავი ცუდი,
ვერ დავდგებოდი უშენოდ წუთით
ცაზე, თუნდ იყოს კალმით ნახატიც!
განმარტოებით
ცას დავტოვებდი
და ყოველ ღამე შენ მოგნახავდი.