19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება

  15:30:05     07-01-2021

თბილისში, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

როგორც უფლებადამცველი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გიორგი ახლოური მასთან კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს და ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე ვესაუბრე, მისთვის ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა და საქმის მასალები არ გადმოუციათ. სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ, ველოდებით როდის დაგვირეკავს გამომძიებელი. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, შესაძლებელია ჩვენ გამოვიყენოთ დუმილის უფლება. კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს, ემოციური ფონიც ძალიან მძიმე აქვს“, - აღნიშნა თამარ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.