დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება

  12:45:34     21-12-2020

 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.

„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.