საქართველოს პარლამენტმა საბჭოთა დროინდელი სამხედრო ფარები შეისყიდა - ოფიციალური დოკუმენტი
14:43:27     02-12-2020
კოვიდ-პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის, გაზრდილი უმუშევრობისა და შიმშილის ზღვარზე მყოფი ათასობით ადამიანის ფონზე, საქართველოს პარლამენტის აპარატმა სამუზეუმო ხასიათის ავეჯი და საბჭოთა დროინდელი სამხედრო ფარები შეისყიდა, რაშიც ბიუჯეტიდან 98 ათას 881 ლარი გადაიხადა.
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შპს GIOF-ს შორის ხელშეკრულება 2020 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა და იგი ძალაშია 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
თუმცა, პარლამენტის აპარატის მოთხოვნით, ბიუჯეტმა თანხა უკვე გადაიხადა სრულად.
[I=2]საგამოფენო ვიტრინა;
კედლის ტრაპეციული პანელი;
საარჩევნო ყუთის დასადები;
წითელი ფერის ორგმინა;
იატაკზე დასადგმელი სტენდი;
კედელზე ინტეგრირებული სკამპელი;
მინის შირმა - ეს იმ საგნების ჩამონათვალია, რომელიც პარლამენტის აპარატმა უკვე შეიძინა.
აღსანიშნავია რომ ამ ნივთებს შორისაა საბჭოთა დროინდელი სამხედრო ფარებიც, რომლებიც, ხელშეკრულების მიხედვით, პარლამენტის აპარატს, საბჭოთა პერიოდის დარბაზისათვის სჭირდება.
[I=3]"სამხედრო ფარები, მასალა ალუმინი, დამზადებული 2.5 მმ სისქის ალუმინის ფირფიტისაგან.
კომპლექტი შედგება სამი, ერთმანეთთან დამაგრებული ფარისაგან. თითო ფარის ზომები 110-67-10 სმ.
კომპლექტის საერთო ზომებია 101-180-27 სმ. ალუმინის ზედაპირი დაძველებულია (ნაკაწრებით, ნაფხაჭნებით და ალაგ-ალაგ უსწორმასწოროებით).
შიდა მხრიდან, სახელურების გასწვრივ, გარედან უნდა ჰქოდეს შურუპები, როგორც ილუსტრაციაზეა მოცემული.
[I=4]კომპლექტი გადაბმულია ერთმანეთთან და წარმოადგენს ერთ ნივთს. შიგნით მოწყობილია სათავსო, რომელშიც განთავსებულია სამი ცალი სანთლის ეფექტის მქონე ნათურა.
ნათურები არ უნდა ჩანდეს ნახვრეტებიდან, უნდა დამაგრდეს შედარებით ქვემოთ...“ - ეს არის ის ინსტრუქცია, რომელიც პარლამენტის აპარატმა შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულებაში ჩაუდო.
შემსრულებელი კი კომპანია GIOF-ია, რომლის დირექტორია გურამ გარსევანიშვილი.
იგი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელიცაა.
ხელშეკრულებას, მასთან ერთად, ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე.