"ჩვენ გარკვეულად პიკში შევედით"

  16:44:22     25-11-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო გარკვეულწილად პანდემიის პიკში შევიდა, რასაც ადასტურებს ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 3000-4000-ის შორის მერყეობს.

"ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ გარკვეულად პიკში შევედით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატირულად. ადამიანებიდან, ვინც მიდიან გამოსაკვლევად, მათ შორის ყველაზე მეტი არის სიმპტომებიანი, სადღაც 70-75 პროცენტი, შემდეგ კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, საერთო დადებითების 5-6 პროცენტის ფარგლებში. სიეტლში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებების ინსტიტუტის მონაცემების და პროგნოზირების ციფრების მიხედვით, ჩვენ ამ ეტაპზე ვავლენთ დაახლოებით 40-დან 50 პროცენტამდე ინფიცირებულს.

ანუ, არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვთ. არა დადასტურებული, არამედ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ხალხი არის ძირითადად მსუბუქი სიმპტომების ან საერთოდ უსიმპტომო", - ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, თუ არ გავაფართოვეთ და უფრო არ გავამკაცრეთ ზომები.

"ერთი მხრივ უნდა იყოს ღონისძიებების გამკაცრება, მეორე მხირვ ტესტირების მეტი ხელმისავწდომობა, მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფიცირებულთა დაახლოებით 85 პროცნეტის მართვა ოჯახის ექიმების მიერ. ანუ, ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები, ვფიქრობ, ხვალ გამოცხადდება. ახლაც სერიოზული განსჯა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, როგორი, რანაირი მიდგომით იყოს ეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანის შემოსავლებს. ანუ, დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას, ასე ვთქვათ, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება, მეორე მხრივ რაც შეიძლება მინიმალურ ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ვფიქრობ, ხვალ მოხდება გადაწყვეტილებების დეკლარირება", - განაცხადა გამყრელიძემ.