"შეზღუდვებს თუ არ გავამკაცრებთ, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს"

  15:43:07     24-11-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ შემზღუდველი ღონისძიებები არ გამკაცრდება, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს.

მისი თქმით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით.

"აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტთან. აღნიშნული ინსტიტუტი ყოველკვირეულ განახლებებს აკეთებს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ევროპის და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, ასევე საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას. მათი გათვლების მიხედვით, სწორედ დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით. პროგნოზის მიხედვით, დეკემბრის პირველ კვირაში გვექნება შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, თუ არ შემოვიღეთ და არ გავამკაცრეთ შემზღუდველი ღონისძიებები, შეასაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.