
ეჭვიანობის ნიადაგზე, ხის ხელჯოხით ჩადენილი სასტიკი მკვლელობა
09:38:58     16-08-2011
თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა კ.-ს საქმის განხილვა დაასრულა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ 16 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდებულმა დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.
თავის ტვინის დაჟეჟილობა, მარცხნივ მერვე ნეკნის მოტეხილობა, ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ჰორიზონტალური მიმართულებით, მარცხენა თვალბუდის ქვედა მიდამოდან მარჯვენა თვალბუდის ქვედა მიდამომდე. თხემ-კეფის არეში X-ის მაგვარი ნახეთქი ჭრილობა. ნახეთქი ჭრილობები ორივე საფეთქლის არეებში, მრავლობითი ჰემატომები სახეზე. ეს მაია ნ.-ს სხეულზე აღმოჩენილი ის დაზიანებებია, რომელიც მეუღლემ, გელა კ.-მ მიაყენა, მას შემდეგ, რაც გამთენიისას გაღვიძებულს სახლში აღარ დახვდა და მეზობელ ბინაში, ნუგზარ ნ.-სთან ერთად მიაკვლია. ექსპერტის განმარტებით, ზემოთხსენებულ დაზიანებებს, დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, შეეძლო გამოეწვია პირის გარდაცვალება. მაია ნ.-სგან განსხვავებით, მიყენებული მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა ნუგზარ ნ. ექსპერტიზის დასკვნით, მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა თავის ტვინის შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვის შედეგად. სახის და ქალას ფუძის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი და ბზაროვანი მოტეხილობით. ქალას ღრუსა და ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევებით. გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებებიც: სახისა და ქალას ფუძის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი და ბზაროვანი მოტეხილობები, ტვინის ნივთიერებების დაჟეჟილობა, შეშუპება, ღეროს დილოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში. მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები, ნაჭდევები და სისხლნაჟღენტები თავის არეში.
გელა კ. და მაია ნ. 1987 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავდათ. რაიონიდან თბილისში დროებით საცხოვრებლად ახლობლის სახლში ორი წლის წინ გადმოვიდნენ. ბოლო დროს გელას ეჭვი ჰქონდა, რომ მეუღლე მეზობლად მცხოვრებ ნუგზარ ნ.-სთან ღალატობდა. იმ დღეს გელამ დაბადების დღე აღნიშნა და დაახლოებით ღამის ორ საათზე დაწვა დასაძინებლად. გამთენიისას გაღვიძებულს მეუღლე სახლში არ დახვდა. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ მაია კ. ნოდარ ნ.-სთან იმყოფებოდა. შევიდა მის ეზოში და ბინის ასასვლელ კიბეს რომ მიუახლოვდა, სახლიდან ნუგზარ ნ. გამოვიდა, მან, ასევე, ბინაში შენიშნა თავისი მეუღლეც. შურიძიების მიზნით აიღო ხელჯოხი და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობოთი დაზიანებები მიაყენა მეუღლესა და მეზობელ მამაკაცს. ნუგზარ ნ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მაია ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა შეძლეს. მკვლელობის შემდეგ, გელა კ.-მ შვილს დაურეკა და აღნიშნულის შესახებ აცნობა, იგი პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ, მიმალვა არ უცდია. ბრალდებულის განმარტებით, ნუგზარ ნ.-სთან პირადი მტრობა არ ჰქონია, პირიქით, იმის გამო, რომ მას ეკონომიურად უჭირდა, როგორც შეეძლო ეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც გაიგო ნუგზარ ნ.-ს ნათქვამი „მე კაცი არ ვიყო თუ გელას ცოლი არ წავართვაო“ , ეჭვი გაუჩნდა, რომ მეუღლე მასთან ღალატობდა. იმ სახლის პატრონმა, რომელიც ბრალდებულის მეზობლად მდებარობს და რომელშიც მკვლელობა მოხდა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბინა ნუგზარ ნ.-ს დროებით თავად დაუთმო, თუმცა, ვინაიდან, იქ მუდმივი სმა და თავყრილობა იყო, ნუგზან ნ. კუთვნილი ბინიდან გააგდო და სახლისა და ჭიშკრის საკეტი გამოცვალა.
როგორც ბრალდებულის შვილი იხსენებს, მკვლელობის ღამეს მამის დაბადების დღე აღნიშნეს. სტუმრების გაცილების შემდეგ, ახალი წლის მისალოცად ის მეგობრებთან წავიდა. დაახლოებით ნახევაარ საათში სტუმრად ასევე მივიდნენ დედამისი და მათი ყოფილი მეზობელი ნუგზან ნ. სუფრაზე მყოფი პირები დილამდე სვამდნენ, გამთენიისას სახლში წასვლა დააპირა დედამისმა, რომელსაც მცირე დროში გაჰყვა ნუგზარ ნ.-ც. დაახლოებით ერთ საათში კი მამამ დაურეკა, რომელსაც შეშლილის ხმა ჰქონდა და უთხრა რომ მოკლა ნუგზარ ნ. ხოლო დედამისი იყო მძიმე მდგომარეობაში. სასამართლოზე მოწმედ დაიკითხა ბრალდებულის სიძეც, მან გაიხსენა, რომ 2010 წლის აგვისტოს, შეესწრო სიდედრისა და სიმამარის კამათს, ბრალდებული ეჭვიანობდა ცოლისა და ნუგზარ ნ.-ს ურთიერთობაზე, რომლის საფუძველიც იყო ნუგზარ ნ.-ს ნათქვამი „მე კაცი არ ვიყო გელას თუ ცოლი არ წავართვაო“. იმავე დღეს, სიმამრმა მისი თანდასწრებით დაურეკა ნუგზარს, ხოლო მასთან სატელეფონო საუბარში ნუგზარმა თქვა, რომ მაია უყვარდა. გარდაცვლილის ძმამ კი განმარტა, რომ ნუგზარი გარკვეული დროის მანძილზე ცხოვრობდა მეუღლესთან, სადაც გაიცნო აღნიშნული ოჯახი და ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მოგვიანებით, როცა მისი რძალი რუსეთში წავიდა სამუშაოდ, ნუგზარი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა. როგორც მისი დების მონაყოლით გახდა ცნობილი,მას სანახავად ჩააკითხა მაია ნ.-მ, რასაც ოჯახის წევრები უარყოფითად შეხვდნენ. მათივე ნათქვამიდან ირკვევა, რომ მისი ძმაც არ იყო გულგრილი მაიას მიმართ. ნუგზარი 2010 წლის ნოემბერში, კვლავ თბილისში დაბრუნდა და ბინა სანზონაში იქირავა, სადაც მაია აქტიურად აკითხავდა მას, ულაგებდა სახლს, ურეცხავდა და საჭმელს უმზადებდა. მოგვიანებით ნანახი იქნა მაიას სასიყვარულო წერილებიც, რომელიც მას მკვლელობის შემდეგ ბინის მესაკუთრემ გადასცა.
თავად მაია ნ.-მ მკვლელობის დღეს ასე იხსენებს: მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად მისული სტუმრების გაცილების შემდეგ გელა ლოგინზე წამოწვა, მათი შვილი კი თავის მეგობრებთან ახალი წლის მისალოცად წავიდა უბანში. მაიამ მაგიდა რომ აალაგა შვილის სანახავად გავიდა მეზობელთან, სადაც სხვებთან ერთად სტუმრად დახვდა ნუგზარიც. იგი სუფრიდან გამთენიისას ადგა, უკან გაჰყვა ნუგზარიც, რომელმაც გზაში უთხრა, რომ ღამის გათენებას აპირებდა ელზას სახლში და კარის გაღებაში დახმარება სთხოვა, რისთვისაც სახლში დაბრუნდა, ეზოში რკინის ნაჭერი მოძებნა და მიუტანა გარდაცვლილს. შემდეგ ახსოვს მეუღლის შეშლილი სახე და სიტყვები „ვის უნგრევ ოჯახს“... ასევე, ხის კეტი, რომელსაც მისი მეუღლე ხან მას ურტყამდა, ხან ნუგზარს. მაიამ სასამართლო პროცესზე არ უარყო, რომ იყო გარდაცვლილის საყვარელი. მანვე განმარტა, რომ გელა იყო კარგი მეუღლე და მზრუნველი მამა, რომელიც ყველას უყვარდა და იმსახურებდა პატივისცემას...