ავიაცია მასშტაბური ოპერაციებისთვის
19:59:33     15-08-2011
დუემ ჯარში მსახური არტილერისტად დაიწყო. თუმცა ყველანაირად ცდილობდა არმიაში ავტომობილების ფართო დანერგვას. მისი აზრით, მომავალში მთავარი კოზირი არმიის მობილურობა იქნებოდა. მაგრამ ამასობაში, მისი ყურადღება ავიაციამ მოიპოვა. ჯერ კიდევ 1910 წელს, დუე თვლიდა, რომ მომავალ სამხედრო კამპანიებში ავიაციას განაკუთრებული როლი ექნება. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, მომავალი პოლკოვნიკი საავიაციო ბატალიონს ხელმძღვანელობდა და პირველმა 1911-12 წლების იტალია-თურქეთის ომისას ავიაციით მოწინააღმდეგე დაბომბა. მაგრამ დუე თვლიდა, რომ ავიაციის გამოყენებით, მოწინააღმდეგის ზურგში მყოფი ობიექტების განადგურებას მეტი შედეგი ექნება
როდესაც 1922 წელს იტალიის პრემიერი მუსოლინი გახდა, უკვე გენერლის ჩინში მყოფი დუესთვის ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა. გენერალს საავიაციო სამმართველოს უფროსად ნიშნავენ. ჯერ კიდევ მაშინ, დუეს შორს მიმავალი იდეები ჰქონდა. მისი აზრით, ავიაციის მთავარი დამრტყმელი ძალა ბომბდამშენები უნდა ყოფილიყო. მრავალძრავიან თვითმფრინავებს ძლიერი თავდაცვითი შეიარაღება უნდა ჰქონოდათ და რამოდენიმე ტონა ბომბი წაეღოთ.
დუეს იდეები გადამდები აღმოჩნდა და ინგლისელებმა და ამერიკელებმა მალე მსგავსი გეგმების განხორციელება დაიწყეს. უკვე მეორე მსოფლიო ომისას, ბრიტანულ ხელისუფლებაში ჩერჩილის მოსვლის შემდეგ, ბრიტანეთმა გერმანიის მასიური დაბომბვები დაიწყო. თუმცა, საწყის ეტაპზე, მსგავსი ფრენები უფრო ძალის დემონსტრირებას ახდენდნენ. სხვათა შორის, 1941 წელს, ბალტიის ზღვაში არსებული კუნძულიდან აფრენილმა საბჭოთა ბომბდამშენებმა ბერლინი რამოდენიმეჯერ დაბომბეს. გერმანელებმა იფიქრეს, რუსები ამას ვერ გააკეთებდნენო და ყველაფერი ინგლისელებს დაბრალდათ.
დუეს იდეებიდან შორს არც გერმანელები წასულან. მართალია, შესაფერისი თვითმფრინავები არ გააჩნდათ, მაგრამ 1939-ში მათ ვარშავა, ერთი წლის შემდეგ კი როტერდამი დაბომბეს.
1942 წლის დასაწყისში, ბრიტანელების შეიარაღებაში ბომბადმშენი „ლანკასტერი“ გამოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს უკანასკნელი ძირითად ბრიტანულ მძიმე ბომბდამშენს წარმოადგენდა. სერიულ წარმოებაში 1942 წელს ჩაშვებული თვითმფრინავის სიგრძე 21.18 მ-ს, ფრთის გაქანი კი 31.09 მ-ს შეადგენდა. ცარიელი ოთძრავიანი თვითმფრინავი 16.705 კგ-ს იწონიდა, მისი მაქსიმალური ასაფრენი მასა კი 29000 კგ-ს აღწევდა. სასარგებლო დატვირთვის სახით, შვიდკაციანი ეკიპაჟის მქონე თვითმფრინავს, 6350კგ-ს უტოლდებოდა. მეორე ვარიანტში კი მას ერთი 9970კგ-იანი ბომბის წაღება შეეძლო.
ამერიკელები მძიმე ბომბდამშენების სახით, B-17-სა და B-29-ის ტიპის თვითმფრინავებს იყენებდნენ. მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ წყნარ ოკეანეში იბრძოდა. რაც შეეხება B-17-ს, კომპანია ბოინგის მიერ შექმნილი თვითმფრინავი, სერიულ წარმოებაში 1938 წელს ჩაუშვეს. მაღალი სიცოცხლისუნარიანობისა და ძლიერი თავდაცვითი შეიარაღების წყალობით, მას „მფრინავი ციხესიმაგრე“ უწოდეს. ნორმალურ ბომბური დატვირთვის სახით, მას 3600 კგ მიჰქონდა, თუმცა გადატვირთულ ვარიანტში, 7800 კგ-ის წაღებაც შეეძლო. მისი ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 462კმ/სთ-ს აღწევდა და ლანკასტერთან შედარებით უფრო პატარა მოქმედების რადიუსი გააჩნდა _ 3200კმ ბრიტანელის 4600-ის წინააღმდეგ.
სტრატეგიულმა დაბომბვებმა, მათ შორის, მშვიდობიანი ქალაქების, რა თქმა უნდა,ითამაშა საკუთარი როლი გერმანიის კაპიტულაციაში. მაგრამ მსგავს ოპერაციებს ფსიქოლოგიური და მორალური ზიანი უფრო მოჰქონდა. გერმანელები მალე ახდენდნენ ფაბრიკა-ქარხნების და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენას. გერმანიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა უფრო ნაცისტების მიერ ჩადენილი სისასტიკის საფასურს წარმოადგენდა.
ომის დასრულების შემდეგ, სტრატეგიული საჰაერო ოპერაციები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვეულებრივი ბომბები ატომურებმა შეცვალეს. და ამიერიდან, ატომური იარაღით ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლებოდა. ბირთვული იარაღი ძლიერ შემაკავებელ ფაქტორად იქცა. მომავალ სამხედრო კონფრლიქტებში მოწინავე როლი სტრატეგიულ ბომბდამშენებს და ავიამზიდებს ეძლეოდათ. სახმელეთო ჯარებს კი მხოლოდ ტყვეებისა და ნაალაფარი ტექნიკის შეგროვება ევალებოდა. ამერიკელები ამ ეიფორიაში იმდენად შეიჭრნენ, რომ ლოკალური კონფლიქტის შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენებას ტაქტიკური თვითმფრინავებიდანაც კი გეგმავდნენ.
1955 წელს, ამერიკელებმა შეიარაღებაში ახალი სტრატეგიული ბომბდბამშენი B-52 მიიღეს. მისი სასარგებლო დატვირთვა 31500 კგ-ს შეადგენდა. საბრძოლო ნათლობა, ამ თვითმფრინავმა 1965 წელს დაწყებულ ვეტნამის ომში მიიღო. საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, B-52-ის სხვადასხვა მოდიფიკაციების მიერ შესრულებული იყო 126 ათასი გაფრენა და ჩამოგდებული იყო 2,39 მილიონი ტონა ბომბი.
უნდა აღინიშნოს, რომ B-52-ის ფრენის პრაქტიკა ბორთვული ბომბებით ბორტზე, მშვიდობიან დროსაც კი სარისკო საქმე იყო. ორი შემთხვევის დროს, კატასტროფამდე სულ ცოტაღა იყო დარჩენილი: 1961 წელს, ორი ბირთვული ბომბით ბორტზე B-52, აშშ-ში ქალაქ გოლდსბოროს შემოგარენში ჩამოვარდა. მეორე შემთხვევა 1966 წლის 17 იანვარს მოხდა. ესპანეთის თავზე, ოთხი ბირთვული ბომბით შეიარაღებული B-52, ჰაერში საწვავით გამართვის დროს მფრინავ ტანკერს დაეჯახა და აფეთქდა. აფეთქების წინ, ეკიპაჟმა მოასწრო ავარიულ რეჟიმში ოთხივე ბომბის მიწაზე ჩამოყრა. სამი მათგანი ხმელეთზე დაეშვა და ისინი 18 საათის შემდეგ იპოვეს. მეოთხეს კი, ნახევართვიანი ძებნის შემდეგ, 775მ-ის სიღრმეზე, ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მიაკვლიეს. სამთვიანი ოპერაციის შემდეგ, რომელიც 84 მილიონი დოლარი დაჯდა, ბომბი ამოღებული იყო ზღვიდან.
სტრატეგიულ ავიაციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ეიფორიას, ატომური ენერგეტიკა წარმოადგენდა. თვითმფრინავის ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობის გასაზრდელად, ამერიკელებს თვითმფრინავის ბორტზე ატომური რეაქტორის დაყენების იდეა მოუვიდათ. მათი აზრით, ასეთი თვითმფრინავი რამოდენიმე დღე-ღამის განმავლობაში, პოტენციური მოწინააღმდეგის საზღვრებთან, საწვავის გამართვის გარეშე, საბრძოლო პატრულირების განხორციელებას შეძლებდა.
იდის ხორცშესხმაზე ინტენსიური მუშაობა დაიწყო და “საავიაციო რეაქტორების“ საცდელი ნიმუშებიც კი შეიქმნა. ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ В-36Н-ზე, 1 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორი დაყენდა. კაბინაში მყოფ ეკიპაჟს, გამოსხივებისგან 12ტ-იანი ტყვიის დამცავი კაფსულა იცავდა. მიწაზე დაჯდომის შემდეგ, რეაქტორს დემონტაჟი უტარდებოდა და მას სპეციალურ ბუნკერში ინახავდნენ. „ატომურ გულიანი“ NB-36H პირველად, 1955 წლის 17 სექტემბერს აფრინდა და მთლიანობაში 47 საცდელი ფრენა იყო შესრულებული. მაგრამ არავინ იცოდა რა შედეგი მოჰყვებოდა მის ჩამოგდებას. ამიტომაც პროექტი 1961 წელს, 7 მილიარდის დახარჯვის შემდეგ დაიხურა.
B-52-ის საპასუხოდ, საბჭოთა კავშირმა Ту-95 შექმნა. სწორედ ამ თვითმფრინავიდან, უფრო სწორედ კი, მის ერთადერთ ეგზემპლარში შექმნილი მოდიფიკაციიდან, Ту-95В, 1961 წლის 30 ოქტომბერს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი წყალბადის ბომბი ჩამოაგდეს. ბომბი 26.5 ტ-ს იწონიდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო (57-58.6 მეგატონა ტროტილის ექვივალენტში), რომ „ბირთვული სოკოს“ სიმაღლემ 67კმ-ს მიაღწია, დარტყმის ტალღამ კი დედამიწას სამჯერ შემოუარა.
თანდათანობით, ბომბდამშენები რაკეტმზიდებად გადაიქცნენ. ეს ტრანმსფორმაცია მათ უფრო მოხერხებულ იარაღად აქცევდა. გაჩნდა ახალი თვითმფრინავებიც. აშშ-ში В-1В, საბჭოთა კავშირში კი – Ту-22М3 და Ту-160.
დღეს, სტრატეგიული ავიაცია ყველაზე თანამედროვე სისტემებით, სანავიგაციო, სამიზნის აღმოჩენის, გაცილებისა და განადგურების საშუალებებით არის შეიარაღებული. მათ მოწინააღდეგის განადგურება, მისი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ზონაში შეუსვლელად შეუძლიათ.