"ჩვენი მისია ქალთა თანადგომის კულტურის განვითარება, ფემინისტური ფილანტროფიის გაძლიერებაა საქართველოში"
14:04:20     08-11-2020
საქართველოში ქალთა უფლებების და პრობლემების თემაზე, „პრესა.ჯი“ ფონდ „ფემინას“ დამფუძნებელს ნინო ბაისონაშვილს და თანადამფუძნებელ, ქეთევან ჭუჭულაშვილს ესაუბრა.
ფონდი „ფემინა,“ რომელიც ძირითადად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზეა ორიენტირებული, სხვადასხვა მიმართულებითაც მუშაობს. „ფემინას“ დამფუძნებლები ფონდის მიზნებზე, ქალთა პრობლემებზე, ფემინიზმის მიმართ სოციუმში არსებულ სტერეოტიპებზე და სხვა თემებზე გვესაუბრებიან.
ნინო ბაისონაშვილი: ჩვენი ორგანიზაციის შექნის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით, ეკონომიკური ძალადობის აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ჩვენმა ორგანიზაციამ თავდაპირველად განავითარა ფსიქოლოგიური და იურიდიული სერვისები, ვორიენტირდით ქალთა მიმართ ყველაზე უფრო შეუმჩნეველ და დაფარულ ძალადობის ფორმების აღმოფხვრაზე. საქართველოში ქალებზე ძალადობა არა მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული, არამედ სოციალური გარემოს, კულტურული ნორმების სახელით ძალადობაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. განსაკუთრებით დიდ სირთულეებს ვაწყდებოდით პოსტტრამვებზე. ჩვენ დავინახეთ პრაქტიკაში, თუ რამხელა დარტყმას აყენებს კულტურული გარემო ქალებს, რომელიც კაცების საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. ქალების ტრამვები მთლიანად ტრიალებდა სოციოკულტურული პრობლემატიკის გარშემო. მივიღეთ საინტერესო გამოცდილება. იურიდიული და ფსიოლოგიური მუშაობა ძირითადად 3-4 მიმართულებაზე გვიწევდა. ყველაზე ხშირი ეს იყო: მუქარა, შანტაჟი, პირადი ცხოვრების გავრცელების კადრები, ასევე, ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სხვადასხვა ძალადობის ფორმები. დავინახეთ, რომ ქალებისთვის არ იყო საკმარისი, რასაც საზოგადოდ, ორგანიზაციები ვთავაზობდით, მათ უფრო მეტი თანადგომა სჭირდებოდათ. ქალებს, რომლებსაც არ აქვთ წასასვლელი, თავშესაფარი, სოციალური თუ ეკონომიკური გარანტიები, ოჯახში ძალადობასა და შიმშილს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მით უმეტეს, რომ ჩვენს სოციუმში არ მიიჩნევა ეს პრობლემად, ნაკლებად განიხილება როგორც ქალის უფლებების ნაწილი. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მათ წლების განმავლობაში აქვთ პრობლემები.
ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მარტოხელა დედებს დავხმარებოდით. ისინი გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე სტატისტიკა გვეუბნება. ისინი იძულებული არიან დატოვონ საცხოვრებელი, ან პირდაპირ ეუბნებიან ოჯახში ამას. ამ დროს კი ბავშვებს სჭირდებათ კვება, მარტო უწევთ ზრუნვა მათზე. განშორების შემთხვევაში, ხშირად კაცები სრულიად იხსნიან ბავშვებზე პასუხისმგებლობას, ბავშვებით ხშირად მანიპულირებენ და ეუბნებიან : "თუ გინდა რომ ვიზრუნო მასზე, მაშინ შენ ვეღარ ნახავ"... ეს ქალები რჩებიან ფინანსური გარატიების, შემოსავლის, სამსახურის გარეშე და პასუხისმგებლობები ემატებათ. ეს ქეისები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ვაკეთებთ მაქსიმუმს მათ დასახმარებლად, თუმცა, ამ გზაზე სხვა ათასი ბარიერი გვხვდება. მაგალითად, ერთ-ერთია ქალების მცირწლოვანი შვილები, რომელიც ბარიერია სამსახურის შოვნის პროცესში. ქალები მუდმივივად შემოგვჩიოდნენ ამ პრობლემებზე და მხოლოდ იმის თქმა, რომ შენ სამსახური უნდა იშოვო, გაძლიერდე, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვეძლო თავი გვენუგეშებინა, რომ ეს სახელმწიფოს მოვალეობაა. თანდათან მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თუნდაც რაღაც მცირე პლატფორმა შეგვექმნა, ამ პრობლემების გადაჭრაში დასახმარებლად და დავაარსეთ ფონდი, სადაც ვცდილობთ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას და სერვისს, რაც ქალებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუცვალონ.
-თანამედროვე საქართველოს პატრიარქალურ საზოგადოებაში უამრავი სტერეოტიპი არსებობს ქალის როლის, შესაძლებლობების, უნარების შესახებ. როგორ უნდა ებრძოლონ 21-ე საუკუნის ქალები ამ სტერეოტიპებს?
- რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შემორჩენილია ბევრი გენდერული სტერეოტიპი. მათ შორის, ქალის სოციალურ როლზე, მაგალითად, „ქალი სახლში უნდა იჯდეს.“ ასევე, ჩაცმის კოდები, სილამაზის სტანდარტები, „ქალის მთავარი ღირსება სილამაზეა,“ ქალი მძღოლი ჯერ კიდევ არასრულყოფილად ითვლება კაცთან შედარებით. არსებობს პროფესიები, რომელიც მიიჩნევა „კაცურ პროფესიებად“ და ქალს წვდომა არ აქვს მათზე. ბევრი მიიჩნევს, რომ არც უნდა ჰქონდეს. ამ დროს, პროფესიას სქესი არ აქვს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ვებრძოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა თვითორგანიზებადი, საინციატივო ჯგუფების გაძლიერება, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძვიან. რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებას ამაში თავისი და განუზომელი წვლილი აქვს. ეს ყოველთვის იყო აქტივისტთა ტვირთი. სამოქალაქო, ქალთა უფლებების აქტივიზმს განსაკუთრებით მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს. სტრეოტიპების დაძლევის საქმეში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაში დიდი როლი აქვს მედიას. აქტივისტი ქალები საამისოდ მუდმივად იბრძვიან. ხშირად თავად ქალიც, თავისი აზროვნებით, ექცევა გენდერული სტერეოტიპების ჩარჩოში. ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ, ქალებმა უნდა ისწავლონ რეაგირება და არასდროს უნდა შეუშინდნენ იმის გაჟღერებას, რომ მათი უფლებები ირღვევა. მედიაც ხშირად უშვებს შეცდომებს, ქალთა მიმართ მისი ენა არის ზოგჯერ საკმაოდ დისკრიმინაციული. მედიამ თავის ენას უნდა გადახედოს, რომ არ გახდეს დისკრიმინაციის ხელშემწყობი. რიგი საკითხების არტიკულირება ხშირად არასწორად ხდება. ეს კარგად ჩანს იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ შუქდება გენდერული საკითხები მედიაში. რასაც ჩვენ ვხედავთ, არც პოლიტიკოსები ერიდებიან გენდერული სტერეოტიპების გაჟღერებას. დისკრიმინაციულ სექსისტურ გამონათქვამებს ხშირად ვისმენთ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან. პოლიტიკოს ქალებს ამის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი ენიჭებათ. მიუხედავად იმისა, რა შესაძლებლობები ან ბერკეტები გვაქვს, ყველა ქალს აქვს იმის ტვირთი, რომ ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. მხოლოდ ქალთა თანადგომით შეიძლება ყველა იმ გამოწვევის ძლევა, რომლის წინაშეც ქალები ვდგავართ.
- ბოლო წლებში, თქვენი დაკვირვებით, არის თუ არა გაუმჯობესება ქალთა უფლებების კუთხით საქართველოში? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სამოქალაქო საზოგადოებამ, სახელმწიფომ ამ მიმართულებით?
- 90-იანი წლებიდან დღემდე გაუმჯობესებულია ქალთა მდგომარეობა. გაუმჯობესებულია კანონმდებლობა, უფრო დახვეწილია, გაჩნდა სიტყვა გენდერი, ძალადობა აღარ არის იმდენად ტაბუ და ქალები ალაპარაკდნენ. კვოტირების შესახებ კანონი ასევე არის წინგადადგმული ნაბიჯი. პროგრესი არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ქალთა პრობლემები სახელმწიფოსთვის უნდა იქცეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად. დიდი პრობლემაა შრომის არათანაბარი ანაზღაურება. 36 პროცენტია განსხვავება ანაზღაურებაში, ქალებს და კაცებს შორის, რაც ძალიან დიდი ციფრია. ქალებს, რომლებსაც 1 ან 2 მეტი შვილი ჰყავთ, ხშირად სამსახურებში აყვანაზე უარს ეუბნებიან და მოტივსაც არ უსახელებენ. არ იყვანენ ორსულებს, ან ათავისუფლებენ სამსახურიდან. კერძო სექტორი არ არის ვალდებული, გადაიხადონ დეკრეტის დროს ხელფასი, რაც ძალიან აზარალებს დასაქმებულ ქალებს.
- ყველაზე ხშირად ვინ მოგმართავთ? რომელი ჯგუფებია ყველაზე დაუცველი და რეგიონების მიხედვით თუ არის უკეთესი და უარესი მდგომარეობა?
- ყველაზე ხშირად თბილისადან, თუმცა სოფლად მცხოვრები ქალებიც მოგვმართავენ. ბევრი მათგანისთვის, მაგალითად, გინეკოლოგთან ვიზიტი საერთოდ, ოცნებაა. ასევე, ხშირად მოგვმართავენ მარტოხელა დედები პამპერსის და საკვების თხოვნით. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ერთჯერადად დახმარება სამწუხაროდ მათ პრობლემებს არ უჭრით, თუმცა შვებაა. ამიტომ ვცდილობთ, დავეხმაროთ ამ მდგომარეობის დაძლევაში. დასაქმებულ, კარიერულად მაღალ პოზიციებზე მყოფ ქალებსაც მოუმართავთ, მაგრამ მათი საჭიროებები, რასაკვირველია, განსხვავებულია. ყველაზე მძიმეა იმათი ყოფა, ვისაც არ აქვს დასრულებული განათლება, ცხოვრობს სოფლად. ცხადია, ეს ფაქტორები უფრო მეტად ამძიმებს ქალების მდგომარეობას.
- სტერეოტიპები არსებობს კონკრეტულად ფემინისტებზე, საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მათ მიმართ არა მხოლოდ კაცები, ხშირად ქალების ნაწილიც აგრესიულადაა განწყობილი. როგორია საქართველოში იყო ფემინისტი?
- მიიჩნევა რომ ფემინისტებს კაცების განადგურება უნდათ, კაცები სძულთ, რაც არის აბსოლუტურად რეალობას და რაციონალურ აზრს მოკლებული სტერეოტიპი. ფემინიზმი ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უალტერნატივო იდეოლოგიაა. ფემინისტებმა, იმ პირველი ქალიდან მოყოლებული, ვინც დაიწყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, მოუტანეს ქალებს ყველა ის უფლება, რომელიც დღეს გვაქვს. თუნდაც 100-150 წლის წინ ქალი განიხილებოდა კაცის საკუთრებად - ჯერ მამის და ძმის, მერე - ქმრის. რადიკალური ჯგუფები, მიიჩნევენ, რომ კულტურას და ტრადიციებს ეწინააღდეგება გენდერული თანასწორობა, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არქაული ადათ-წესები იმის გაუანალიზებლად, თუ რა მოაქვთ მათ ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის. ფემინისტები კი ვეუბნებით, რომ ყველა კაცი და ქალი თანასწორია და მხოლოდ ის, რომ რუსთაველმა ამის არტიკულირება მოახდინა მეთორმეტე საუკუნეში, არ არის საკმარისი და ეს პრობლემატიკა ჯერ ისევ უდიდესი გამოწვევაა ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის. თუმცა, ფემინისტების ტვირთიც სწორედ ეს არის, რომ მიუხედავად ამ აგრესიის, სტერეოტიპებისა, ბრძოლისა, რომლის გადატანაც გვიწევს, მართალი იდეებისა და ლეგიტიმური ბრაზის გამოხატვის დროს, არ შევწყვიტოთ მიზნისკენ სვლა. კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს აქტივიზს და რომ ეს ბრძოლები ნორმალურია. მთავარია ამ ბრძოლამ ბევრ ქალს მოუტანოს შვება და ეს საუკეთესო პასუხია ამ ყველაფერზე. საქმეებია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ცხოვრებას ვუუმჯობესებთ.
ფონდი როგორც იდეა, კარგად მუშაობს და გვგულშემატკივრობენ ქალები. თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალები ხშირად, მაგალითად, ერთმანეთისთვის სამსახურის შოვნით ეხმარებიან ერთმანეთს და სწორედ ესაა ჩვენი მისია - ქალთა თანადგომის კულტურის განვითარება, ფემინისტური ფილანტროფიის გაძლიერება საქართველოში.
ქეთევან ჭუჭულაშვილი: მე ქალი ვარ, რას ნიშნავს ეს? და რამე განსაკუთრებულს უნდა ნიშნავდეს? ვფიქრობ რომ - არა. მე ჩემი სქესის გამო არც სუსტი ვარ და არც ძლიერი, ჩემს პიროვნულ თვისებებს, ხასიათს, ქცევებს განაპირობებს ჩემი პიროვნულობა და არა გენდერი. სანამ ქალების უფლებებისთვის ბრძოლას გადაწყვეტდი, დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა არის თანასწორობა, სად გადის ზღვარი, რადგან ინტუიცურად ვხვდებოდი - ერთი თუ სასიკეთო საქმეს აკეთებს, მეორე ანადგურებს ყველაფერს - ქალების უფლებებით დაწყებული, მათი კეთილდღეობით დამთავრებული. ჰოდა, მინდოდა მცოდნოდა, სადაა თითქმის შეუმჩნეველი ზღვარი ამ ორს შორის, სად უნდა გამიხარდეს კომპლიმენტი გარეგნობაზე და სად აღვიქვა სექსიზმად, სად მივიღო რიგში ადგილის შემოთავაზება და სად ვუპასუხო ცივი უარით? ამ ძიებაში ზუსტი პასუხების პოვნის იმედით გადავეშვი, მაგრამ ერთადერთი, რასაც მივაგენი ისაა, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და გენდერული ნიშნით არ განისაზღვრება. და თუ მე თავად ვერ შევძლებდი საკუთარი თავის პოზიციონირებას, ამას იზამდნენ სხვები, ზოგი ტრადიცების, ზოგიც სისტემის სახელით, ყველას საკუთარი ინტერესი ექნებოდა, მე კი ამ ინტერსების დაკმაყოფილების საშულება გამოვდიოდი. ამ პერსპექტივამ შემძრა, მივხვდი რომ მინდოდა მებრძოლა იმისთვის, რისიც მჯერა და ეს არ არის ძლიერი ქალი, ეს არის სტერეოტიპებისგან თავისუფალი ქალი, რომელსაც უნდა ძლიერი იქნება და უნდა სუსტი - ეს მისი არჩევანია, გენდერი არაფერს გავალდებულებს. გავალდებულებს საზოგადოება, კომუნალური გადასახადები, საკუთარი ეგო. ყოველთვის მეტი და საუკეთესო გინდა, მაგრამ ეს ინდივიდის არჩევანია და არა გენდერის. მე აქ ვარ დღეს, „ფემინაში“, ვცდილობ ქალებმა საკუთარი თავი აღიქვან ისეთებად, როგორებიც ისინი არიან ყველა სტერეოტიპს მიღმა. ვცდილობ მათ ვუთხრა რომ იბრძოლონ იმიტომ, რომ ისინი, როგორც ინდივიდები, იჩაგრებიან, იბრძოლონ საკუთარი კეთილდღეობისთვის, შექმნან მომავალი, სადაც ქალი არც სუსტია სავალდებულოდ და არც ძლიერი - ის ისეთი იქნება, როგორიც თავად სურს რომ იყოს.