აფხაზ ჩინოვნიკს კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად ჩასული რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ
02:28:31     06-11-2020
ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ტიმურ ვოზბას ახალგაზრდა რუსი ექიმი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ.
ექიმების ჯგუფი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად არის ჩასული. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ახალგაზრდა ქალმა აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს მიმართა და განაცხადა, რომ ტიმურ ვოზბა თავს დაესხა და მის გაუპატიურებას შეეცადა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-ფაქსი" აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ე.წ. საელჩოს პრეს-სამსახური ირწმუნება, რომ მათ ამ დროისათვის კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და მიმდინარეობს მოკვლევა.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ 18 სექტემბერს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მასობრივი ღონისძიებები შეზღუდა. ვირუსის გავრცელება თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რუსი ტურისტებისთვის საზღვრის გახსნის შემდეგ მოხდა. აიკრძალა სპორტული, გასართობი და სხვა სახის ღონისძიებები.