"არც მეორე ტურში გავდივარ და არც ამ მანდატებით პარლამენტში შევდივართ"

  11:49:12     02-11-2020

"არც მეორე ტურში გავდივარ და არც პარლამენტში შევდივართ. დარწმუნებული ვარ, მთელი ოპოზიციური სპექტრი არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას იმ გაყალბებას და მოპარულ, კრიმინალურ არჩევნებს, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა. შესაბამისად, არც მეორე ტურში გავდივარ, არც ამ მანდატებით პარლამენტში შევდივარ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ადამიანების მიერ ნებისმიერი საშუალებით პროტესტის გამოხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე, ბოლო ადამიანი იქნება, ვიქნები აქ. 8 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი აქცია, რომელიც იქნება ერთიანი ოპოზიციური. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.