"ყოველი დღე ფრონტზე" - მამა-შვილი ჯავახეთიდან, რომლებიც ყარაბაღის ომში საკუთარი სურვილით წავიდნენ
14:07:38     28-10-2020
არაღიარებულ მთიან ყარაბაღის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები ჯერ კიდევ კონფილქტის პირველ დღეებში ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას და ომში წასვლას.
მამა-შვილი ჩილინგარიანები წარმოშობით ჯავახეთიდან არიან. მათ მიატოვეს ჩვეული ცხოვრება და ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრნენ. ვაჟი სომხეთის ქალაქ გორისიდან პირველივე დღეებში წავიდა ომში, მამა კი რუსეთიდან ჩავიდა. მამა-შვილის ისტორიას jnews ავრცელებს.
"სამშობლოს დასაცავად მოვედი. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი ფრონტის ხაზზე მიდიოდა. ის გორისში იყო, როცა დამირეკა და მითხრა, რომ ომი იყო და ყარაბაღში მიდიოდა. გამიხარდა, რომ ჩემმა შვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მერე მე ჩამოვედი. ჩემთვის ყარაბაღი არის სამშობლო, სახლი, მამა და დედა“, - ამბობს გარიკ ჩილინგარიანი
ის ჰყვება, რომ 18 წლის ჯარისკაცებთან ერთად იბრძვის და კითხვაზე, თუ რას განიცდიდა ბრძოლის ველზე, ის ამბობს:
"ომი უფრო სასტიკი გახდა, მაგრამ მტერი იგივეა თურქეთის დამატებით. ვამაყობ იმ ბიჭებით, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ. ეს ახალი თაობაა, რომლებსაც თურქებთან ერთად საერთოდ არ უცხოვრიათ, გაიზარდნენ მხოლოდ სომხებში. მათთვის საერთოდ მიუღებელია ყარაბაღში სხვა ეროვნების ადამიანების ცხოვრება“, - ამბობს ის.
გარიკის 23 წლის ვაჟი გაგო ჩილინგარიანი ამბობს, რომ ომში წასვლის გადაწყვეტილება უყოყმანოდ მიიღო.
"პირველ დღეს, როდესაც ყველაფერი დაიწყო, მე გორისში ვიყავი. დილით გავიღვიძე და ახალი ამბები გავიგე. გადავწყვიტე, რომ იქ უნდა ჩავსულიყავი, ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ მივიღე. ჩემი ჩასვლიდან ორი-სამი დღის შემდეგ უკვე მამაჩემი ჩამოვიდა, მისმა ჩამოსვლამ კიდევ უფრო შთამაგონა“, - ამბობს ის.
27 სექტემბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა და ამ დრომდე გრძელდება.