"თუ სომხეთი გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომუნიკაციას გავხსნით"
14:20:32     23-10-2020
დიახ, რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში სიტუაციას მთლიანად შეცვლის. მე იმედი მაქვს, რომ კავკასიის სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერიოდს ვიხილავ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია.
"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და შესანიშნავი კავშირები გვაქვს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს მხარს უჭერენ და კარგი მეგობრები და მეზობლები არიან.
”ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, ნავთობის ტრანსპორტირება, გაზის ტრანსპორტირება, ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, სარკინიგზო კომუნიკაცია, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, TANAP და მრავალი სხვა პროექტი. აზერბაიჯანი, ჩემი აზრით, არის სიდიდით პირველი ან მეორე ინვესტორი საქართველოში თურქეთთან ერთად, გადასახადის პირველი ან მეორე უმსხვილესი გადამხდელი”, - დასძინა ალიევმა.
"დღეს მთიან ყარაბაღში ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ იქ სრული უმუშევრობაა, სუფევს სიღარიბე და დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვიყავით ინვესტიციისთვის. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ტერიტორიები გაეთავისუფლებინათ და დავეხმარებოდით. დღეს, როდესაც ჩვენ თვითონ ვათავისუფლებთ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამ ტერიტორიის აღსადგენად დაბრუნდებიან. თუ სომხეთი გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომუნიკაციას გავხსნით. მე ასევე გავიგე თურქეთის მთავრობის პოზიციის შესახებ, რომ ისინი კომუნიკაციებს გახსნიან, თუ სომხეთი თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს. მაშინ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვლება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.