"ურთიერთობას შევწყვეტთ ყველა ქვეყანასთან, ვინც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს"
14:28:02     14-10-2020
აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გაწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ცნობს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა თურქულ ტელეარხ Haberturk-თან ინტერვიუში.
"აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ… მე არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანა ცნობს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, რადგან ერთ საათზე ნაკლებ დროში ჩვენ გავწყვეტთ დიპლომატიურ კავშირებს ამ ქვეყანასთან. ეს აუცილებლად მოხდება", - თქვა ალიევმა.
მისი განცხადებით, აუცილებელია, აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხი მოემზადოს მთიან ყარაბაღში ერთობლივი ცხოვრებისათვის, კონფლიქტის დასრულების შემდეგ.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შეუძლიათ ერთად იცხოვრონ ამ რეგიონში, ისევე როგორც დღეს აზერბაიჯანის სხვა ადგილებში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში. რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება აქ?", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი არ არის სომეხი ხალხის მტერი.
"უბრალოდ, ჩვენ გვსურს, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა იცხოვროს წინაპრების მიწაზე. მათ ამის უფლება აქვთ. ჩვენი იქიდან გამოდევნა ისე, რომ იქ მხოლოდ სომხები ცხოვრობენ, უსამართლობაა, ამას ვერ შევეგუებით", - დასძინა ალიევმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.