სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საბრძოლო მოქმედებების განახლებაში ადანაშაულებენ
10:44:09     13-10-2020
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილოთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებით დღეს დილით სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმები განაახლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმები განსაკუთრებით ინტენსიურად ფრონტის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით ხორციელდება. სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს და უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთმა ტარტარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
„ამ აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციით აზერბაიჯანული მხარე მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის ემზადება”, - განაცხადა შუშან სტეპანიანმა.
თავის მხრივ, დღეს დილით აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონების საარტილერიო დაბომბვას აგრძელებენ.