შსს-მ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
10:21:39     13-10-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ერთი პირი დააკავეს.
1996 წელს დაბადებულ ო.ც.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი, „ეკოლ არას მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.