გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველ ზონად გამოაცხადა - საქართველოდან ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწევთ
09:36:53     08-10-2020
გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველ ზონად გამოაცხადა. იტყობინება საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი.
საქართველოს გარდა, რისკის შემცველ რეგიონებად გამოცხადდა რუმინეთი, იორდანია და ტუნისი.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოდან, იორდანიიდან, რუმინეთიდან და ტუნისიდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
რისკის შემცველი რეგიონების სია რობერტ კოხის ინსტიტუტმა დღეს განაახლა.
ამ სიაში ასევე მოხვდნენ ზოგიერთი ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და არა მთლიანად ქვეყანა. მათ შორის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და უნგრეთის რეგიონები.
გერმანიაში ქვეყნები ან რეგიონები რისკის შემცველად მაშინ ცხადდება, როდესაც შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 50-ს აღემატება.