სიკვდილით დასჯის უკანასკნელი განაჩენი, მამაკაცის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის

  11:16:19     13-08-2011

სიკვდილით დასჯის უკანასკნელი განაჩენი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სულ რაღაც 15 წლის წინ გამოიტანა, რომელიც ორთაჭალაში მდებარე საპყრობილეში აღსრულდა. დღეს ეს საპყრობილე აღარ არსებობს. სიკვდილით დასჯილთა საქმეები კი უზენაესი სასამართლოს არქივშია დაცული. „პრესა.ჯი“ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაცია გადაწყვიტა, სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა გაუქმდა. „ხელმძღვანელობენ რა პრინციპით, რომ სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ჰუმანური ტრადიციებით, საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების აუცილებლობით, ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვით, სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის გამოცდილებით, საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის შეგნებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ხოლო საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს რა ამ ინიციატივას, აცხადებს სიკვდილით დასჯას გაუქმებულად.“ „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“ კანონი 1997 წლის 11 ნოემბერს გამოიცა. 2001 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას, #1 საპყრობილე, სადაც სიკვდილმისჯილთა საკნები და განაჩენის აღსრულების ოთახები იყო, სამუზეუმო ოთახად გადაკეთდა. დღეს ორთაჭალაში, ტერიტორიაზე, სადაც უამრავი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, მშენებლობა მიმდინარეობს. საპყრობილის დემონტაჟი, სადაც პატიმრებს 1951 წლიდან ხვრეტდნენ, 2008 წლის მარტში მოხდა.  

ორთაჭალაში მდებარე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სიკვდილმისჯილთა განაჩენის აღსრულება, მიწისქვეშეთში მდებარე საკანში ხდებოდა, იქამდე ლაბირინთებით იყო მისასვლელი. პატიმართა დახვრეტა სამუშაო დღეებში ხდებოდა. ხშირად ისინი საკნიდან მოტყუებით გამოჰყავდათ და იმის შესახებ, რომ უნდა დაეხვრიტათ, მხოლოდ მას შემდეგ იგებდნენ, როცა მათი ინდეტიფიკაცია მოხდებოდა და განუცხადებდნენ, რომ შეწყალებაზე უარი ეთქვათ და განაჩენი უნდა აღსრულებულიყო. მიწისქვეშა საკანი დახვრეტისთვის 1951 წლიდან გამოიყენებოდა. პატიმარი საკანში შეჰყავდათ, დააჩოქებდნენ და კეფაში ესროდნენ. განაჩენის აღსრულების შემდეგ, მის ოჯახს ტანსაცმელი და უწყება ეგზავნებოდა, რომ განაჩენი აღსრულებულია. ცხედრები მკაცრად გასაიდუმლოებულ ადგილას იმარხებოდა. მას ქლორს აყრიდნენ, რომ ძვლები მალე დაშლილიყო. განაჩენის აღსრულებას ხშირად წელიწადზე მეტხანს ელოდნენ. უკანასკნელი სიკვდილმისჯილები, 54 ადამიანი, ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ 1997 წელს შეიწყალა და სასჯელი, 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.

სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ბოლო განაჩენი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 1996 წლის 16 თებერვალს გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა: „ვ.გ. ცნობილ იქნეს განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად. ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 121-ე მუხლითა და 104-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით, სსკ-ის 121-ე მუხლით მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტით მიესაჯოს სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება, სიკვდილით დასჯა. თანახმად საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 40-ე მუხლის მოთხოვნისა, უდიდესმა სასჯელმა შთანთქოს უმცირესი და საბოლოოდ მიესაჯოს სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება, სიკვდილით დასჯა. ვ.გ.-ს დაცვის ჰონორარი – 7 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაერიცხოს კასპის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ანგარიშზე, ადვოკატ მ. მერებაშვილზე გადასაცემად. განაჩენის ასლი შესასრულებლად გაეგზავნოს კასპის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილებას. განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებას და გაპროტესტებას არ ექვემდებარება.“

ვ.გ.-მ ჩვენება სასამართლოზე რამდენჯერმე შეცვალა. იგი აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება სასჯელის შემსუბუქების მიზნით მისცა, იმ დანაშაულზე, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა, საბოლოოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და იმ დანაშაულისთვის (მამათმავლობა), რომელიც დღეს ქართულ კანონმდებლობაში აღარ არსებობს, სიკვდილით დასჯა მაინც შეეფარდა. 1996 წლის 16 იანვრით დათარიღებულ საბრალდებო დასკვნაში, რომელსაც ხელს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილე და იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, რ. გილიგაშვილი აწერს, ვკითხულობთ: „ვ.გ.-მ ჩაიდინა მამათმავლობა, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მანვე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ადრე ჰქონდა რა ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.“ ვ.გ.-ს, როგორც სასამართლოზე მის მიერ მიცემული ჩვენებებით ირკვევა, მანამადე მამაკაცების მიმართ მიდრეკილება არ ჰქონია, მეუღლეს იგი 16 წლის წინ გაშორდა და ერთი ვაჟი ჰყავდა. ი.ს. მან 1994 წლის დეკემბერში, მატარებელში გაიცნო. ადრე მის შესახებ გაგონილი ჰქონდა, რომ მამათმავალი იყო. მატარებელში საუბრის დროს, ი.ს.-მ მას მოფერება დაუწყო, მამაკაცებმა შემდეგ სახლში გადაინაცვლეს. ვ.გ.-ს. განცხადებით, ამის შემდეგ ის ხშირად აკითხავდა ი.ს.-ს სახლში და მასთან გაუკუღმართებული წესით ამყარებდა სქესობრივ კავშირს. 1995 წლის 11 მარტს მან სახლში დალია და ი.ს.-ს მიაკითხა. ნაწყვეტი ვ.გ.-ს ჩვენებიდან: „ი.ს.-მ ჩამიყვანა მისივე საცხოვრებელი სახლის სარდაფში და განმიცხადა უარი სქესობრივი კავშირის დამყარებაზე, ამის გამო ჩვენ მოგვივიდა ჩხუბი. ი.ს. მაგდებდა იქიდან, მე კი ვაძალებდი, რომ დაგვემყარებინა სქესობრივი კავშირი. ჩხუბის დროს მე მას დავარტყი, რა დროსაც იგი წაიქცა, მე მას ჩავუწიე შარვალი და დავამყარე სქესობრივი კავშირი გაუკუღმართებული წესით. ამის შემდეგ ყელში წავუჭირე სარდაფში ნაპოვნი თოკი მოკვლის მიზნით, რომ აღნიშნული ფაქტის კვალი დამეფარა და შემდეგ, როცა დავრწმუნდი, რომ იგი უკვე მკვდარი იყო, ჩამოვკიდე სარდაფში გამავალ გათბობის ტრუბაზე. ამის შემდეგ მე წავედი სადგურში, სადაც დავლიე შამპანიური, ხოლო შემდეგ წავედი ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც მოვიდნენ ჩემთვის უცნობი პირები და მითხრეს, რომ უნდა მოსულიყო მილიცია ჩემს დასაჭერად. მე იმ დღესვე გავიქეცი ტყეში დასამალად, სადაც დავყავი ერთი დღე. მე ტყეში შევიტყვე, რომ აღარ მეძებდნენ და გადავწყვიტე სახლში დაბრუნება, ხოლო როდესაც დავბრუნდი მილიციამ დამაპატიმრა.“

როგორც აღვნიშნეთ, ვ.გ-მ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, თავიდან ჩადენილი დანაშაული საერთოდ უარყო, შემდეგ კი ჯერ განაცხადა, რომ მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, ვინაიდან ი.ს მას მათი ურთიერთობის გახმაურებით ემუქრებოდა. ბოლოს ვ.გ. ჩვენებაში განაცხადა, რომ ი.ს. შემთხვევით შემოაკვდა, როდესაც ყელში გასაჩუმებლად უჭერდა. რა ვითარებაში ჩაიდინა მან აღნიშნული მკვლელობა, დღემდე უცნობია, თუმცა ის, რომ ბოლოს მოკლულიცა და მკვლელიც სარდაფში ერთად ჩავიდნენ, მოკლულის შვილმა დაადასტურა. რომლისთვისაც ისევე, როგორც გარდაცვლილის მეუღლისთვის, ი.ს.-ს მამათმავლობის შესახებ ცნობილი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა.