„ალ–ქაიდა“ ქიმიურ იარაღს ქმნის
11:02:00     13-08-2011
აშშ–ის ადმინისტრაცია შიშობს, რომ ტერორისტული ქსელი „ალ–ქაიდა“ ქიმიური იარაღის შექმნას აპირებს. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, ტერორისტები სასიკვდილო იარაღის გამოყენებას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ აპირებენ.
გაზეთის ინფორმაციით, ამჟამად, „ალ–ქაიდა“ გარკვეულ მცენარეებს ყიდულობს, რომლებიც რიცინის მისაღებად გამოიყენება. რიცინი ცილის ტოქსინია, რომლის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის სულ რაღაც 0,3 მილიგრამია.
ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ავრცელებენ ცნობებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია რიცინის ხსნარით სავსე ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებს. ამერიკელი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ იემენელ და საუდის არაბეთელ კოლეგებთან, რათა ხსენებული მცენარის ტერორისტების ხელში მოხვედრას შეუშალონ ხელი. როგორც ცნობილია, მცირე ხნით ადრე, „ალ–ქაიდას“ ლიდერმა აიმან აზ–ზავაჰირიმ არაბულ სამყაროს აშშ–სა და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა.