"კორონავირუსის ვაქცინის მარაგები 2021 წლის მარტში ან აპრილში გახდება ხელმისაწვდომი"

  10:03:44     25-09-2020

შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შტატების მოსახლეობის დიდი ნაწილი წელს ვერ აიცრება, რადგან სავარაუდოდ, ვაქცინა წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ამის შესახებ ფაუჩიმ აშშ-ის სენატის ჯანმრთელობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

იმ შემთხვევაში თუ მარეგულირებელი ორგანო ვაქცინას წლის ბოლოსთვის დაამტკიცებს და დაიწყება ვაქცინაცია, ფაუცის თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში დიდი რაოდებობის მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოხერხდება, სწორედ იმიტომ, რომ ამისთვის საკმარისი დრო არ იქნება.

მისივე განცხადებით, 2021 წლის აპრილში, დაახლოებით, ვაქცინის 700 მლნ დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

ფაუჩის თქმით, პირველ ეტაპზე, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭებათ, რომელთაც სხვადასხვა დაავადება აღენიშნებათ.

"ჩვენ არ მოველით, რომ ვაქცინის ყველა დოზა ამ წლის დეკემბერშივე იქნება ხელმისაწვდომი. ამას დიდი დრო დასჭირდება. 2021 წლის მარტში ან აპრილში კი ვაქცინის უფრო მეტი მარაგი გახდება ხელმისაწვდომი", - დასძინა ფაუჩიმ.