ზაზა ფირცხალაიშვილის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)

  10:49:41     13-08-2011

ჩვენი რუბრიკა - „XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან“ გრძელდება. საქართველოში კარგ პოეტებს რა დალევს, ჩვენი სამშობლო პოეტების, მიწათმოქმედებისა და მეომრების ქვეყანა იყო მუდამ. იმედია, ასე იქნება მომავალშიც.

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს უნდა წარვუდგინოთ ჩვენი თანამედროვე ნიჭიერი პოეტი ზაზა ფირცხალაიშვილი.

ზაზა ბათუმელია. სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტში, საზღვაო აკადემიაში და ხელოვნების ინსტიტუტში. იყო ბათუმის დრამატული თეატრის მენეჯერი. იგი გახლავთ ლიტერატურული კონკურსის "ლექსების გამოფენის" პროექტის ავტორი და ორგანიზატორი.

დღეს გთავაზობთ ამ თავმდაბალი და ნიჭიერი ქართველი კაცის რამდენიმე ლექსს.

ზაზა ფირცხალაიშვილის შემოქმედების შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება.

იმ თბილისიდან ამ თბილისამდე

ხელით ვეხები მტკვარს, როცა სძინავს.
მეტეხთან ძილი ვის გაუგია?!
ცისკარს უფალთან ახლოს აქვს ბინა
და ვხვდები არის ძალიან გვიან.
სისხლის წვეთები აჩნია რიყეს,
პეშვით წყალს ვატან ხავსიან სიზმარს,
ახლა გამხმარი შოთივით ვიყოფთ,
აბოს ცრემლებით ნასველებ მიწას.
მტკივა, დარდიან წყვილ მზერას ვახლი -
წყალი ტოკავს და წრეწირებს ხაზავს,
დღეს ჩოხებითაც ჭრელია ხალხი,
ალმური ასდის შაითანბაზარს.
ყველა მდინარე თავის მსხვერპლს ითხოვს -
თითქოს ძარღვებში ჩვენს სისხლს ისხამდეს,
და ვცხოვრობთ ასე, ერთად და თითოდ -
იმ თბილისიდან ამ თბილისამდე.

სიყვარულის გეომეტრია

გვქონდა პირობა მიცემული ერთმანეთისთვის -
გვსურდა შეხვედრა, უფრო მეტად ჩადენა ცოდვის.
ინსტიქტებს ვენდეთ -
და ასეთი პირობა იყო:
A და B პუნქტებიდან C პუნქტისაკენ
ერთმანეთის შესახვედრად და ასე შემდეგ...

ჰოდა, ჩვენც შევხვდით -
დათქმულ დროს და ზუსტად C პუნქტში,
(ასეც ვიცოდი) -
C პუნქტია შუა წერტილი!
A და B ბოლო წერტილები გადავდეთ გვერდზე,
ჩამოვაფარეთ რიდე სარკეს,
რომელიც ადრე გვირეკლავდა ცალკე პუნქტივით
და მას შემდეგ ამაოდ გვეძებს.
ჩვენი სუნთქვის დიალოგის გავუშვით ტიტრი
და დავრჩით ჯამი: ერთს + ერთი,
ორის ვალსი... ისე მოვეშვით, ახლაც ვარკვევთ,
თურმე რამდენ ხანს გვიძებნია საერთო რიტმი.

მოცემულობის თანახმად კი დაგვრჩა შემდეგი:
C პუნქტიდან A და B პუნქტებისკენ და ასე შემდეგ...

კითხვის დასმამდე თავს ვიკავებთ, მერე კი ვხვდებით:
პასუხებიდან რომ არცერთი არ არის სწორი!

პუნქტი A და B, ვცხოვრობთ ცალ-ცალკე,
სახლები მშვიდი, მთვარე მოხრილი
სანამ დრო არის - ცოტა მაცადე -
C ქოხს ავაგებ ერთად ყოფნისთვის!

ვერსალაღობო

რამდენიც მოსწყდა
ცას ვარსკვლავი,
იმდენი ვფლანგე
სურვილები და
მეოცნებედ ვითვლები ახლაც,
ასახდენები
რიგ-რიგობით
სხვადასხვა რანგის
მელოდნენ,
სხვები -
თვალის ხამხამს
გადაყვნენ ალბათ.
უცნაურობა რა ხილია?
- მსურს, მაგრამ ვითმენ
აშკარად შედეგს
ვერ ვხვდებოდი
ადრე თუ გვიან,
ვერც ერთხელ
სურვილს სიყვარული
ვერ გავურითმე,
ახლა ეს ნატვრა
ფრთამოტეხილ ჩიტივით გდია.
დღეს კი ამბობენ -
შეცვლილაო არც არაფერი,
ცას ვარსკვალევები სწყდებიან და
ქრებიან ისევ,
მე კი მოწმენდილ
ცას გავყურებ მიამიტური
მზერით და
ვნაღვლობ,
რომ ცხოვრება
მიმძიმებს კისერს.
ვერ შევეგუე მოვლენების
შეცვლას ავბედითს,
იქნებ ვერც ვამჩნევ და
სიცოცხლე გასხლტა ხელიდან,
ვაი! აღმომხვდა მერამდენედ -
უკვე დავბერდი,
უფრო ვაი, რომ
მხედველობა დამიქვეითდა.

ერთხელ…

„ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“ - ტყუილია,
მოვედი და შენი სუნთქვა მოვიახლე,
ეს შეხვედრა ალბათ უფრო დუელია,
ზურგით ვდგები ბარიერთან შორიახლო...
ცის ფერდობზე დროს ვაჩერებ ხარაჩოდან,
რომ ისრებმა არ მოკვეთონ თორმეტს თავი,
ნეტავ ფერი შერჩებოდეთ ყაყაჩოებს
და ადრიან თოვლივით არ გამითავდე.
მოვედი და სულ სხვა გრძნობა მეუფლება -
ჩემს ბედს დღემდე ვკარგავდი და მგონი ვიძენ,
მე გიპოვნე როგორც იქნა დედოფალო,
გკოცნი, ჩემი ბედი გქვია, გაიღვიძე!

მზენაკლულთა ლილე

გადმოიხარე მზეო ჩვენკენ,
უფრო გაგვათბე,
სხვა პლანეტებმა დე მიხედონ
თავის სატკივარს,
ჩაგვიდე მუჭში სათითაოდ
თოთო სხივები,
რადგანაც იცი
ჩვენ ის დარდი ვართ,
რომელსაც ვერსად,
ვერასოდეს ვერ გაექცევი.
გადმოიხარე მზეო ჩვენკენ,
გადმოიხარე,
არ დარჩა ხე და
ფიჩხიც არ დევს ცოდვილ მიწაზე,
დავწვით კოცონზე
ყველაფერი რაც კი გაგვაჩნდა,
ნიშანს გაძლევდით,
ცეცხლი გვენთო,
რადგან გიწამეთ...
და ვიდრე ჩვენი
ხმა - ჩახლეჩილი
შემოგწვდება მაგ სიმაღლეზე,
გადმოიხარე და ღმერთმა ნუ ქნას
უარი გვითხრა
ორპირ ქარად გადაქცეულებს,
აქ, ერთმანეთის
გაციებაში რომ ვათენებთ და
(ენა ყივის, მამალზე ხშირად)
უფრო ვაღამებთ...
გადმოიხარე მზეო ჩვენკენ,
გადმოიხარე...