Covid-19-ის კლინიკურ მართვაში დასახმარებლად აჭარაში მარინა ეზუგბაია გაემგზავრა

  18:29:42     22-09-2020

Covid-19-is კლინიკურ მართვაში დასახმარებლად აჭარაში მარინა ეზუგბაია გაემგზავრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში იმყოფებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგები, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ კოლეგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში.

"აჭარაში გასულ კვირას თავად ვიყავი ორი დღის განმავლობაში. იქ მუშაობენ ჩვენი ცენტრის ეპიდემიოლოგები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენს კოლეგებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან. ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ლუგარის ცენტრის დირექტორი და „პისიარ“ ლაბორატორიის ხელძღვანელი. ასევე, ფოთიდან ჩვენი კოლეგები გადავამისამართეთ აჭარაში, შესაბამისად, ისინი ლაბორატორიასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას დაეხმარებიან. ხდება ადამიანური რესურსების სერიოზულად გაძლიერება, რათა ხაზს ვუსვამ, დავასტაბილუროთ ვითარება აჭარაში და ამ რეგიონიდან ინფექციის გამოტანის რისკის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ამდენად, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგები გავაძლიერეთ. გავაძლიერეთ აჭარის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ასევე ლაბორატორია. დღეს აჭარაში გაემგზავრა მარინა ეზუგბაია იქ კლინიკურ მართვაში დახმარებასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამედიცინო კადრებით რეგიონი კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.