"სოფელ დიღომში გვაქვს ახალი კლასტერი... კლასელები შეიკრიბნენ დაბადების დღეზე და მოხდა ინფიცირება"

  17:14:00     22-09-2020

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი გაჩნდა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევები დაბადების დღეს უკავშირდება.

"გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაპზე სტაბილიზირებულია მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.