თბილისში 68 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვან ბიჭს რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა

  15:15:23     22-09-2020

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. კაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.