კახეთში კორონავირუსით 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაინფიცირდა
11:54:39     19-09-2020
კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ორივე მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია და მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში იგეგმება, - ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღინისძიებების ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში სულ 6 კლასტერია გამოვლენილი, ხოლო კახეთში კორონავირუსი 34 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3306 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1481 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.