შსს-მ რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირი დააკავა

  16:58:33     17-09-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს.

მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები განაგრძობენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.