სენაკელი 33 წლის ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა
13:51:14     14-09-2020
სტამბოლში წარმოშობით სენაკელი ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 33 წლის თამთა ჯანჯღავას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის რამდენიმე წელია თურქეთში სამუშაოდ ქმართან ერთად იყო წასული.
ისინი ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
ინფორმაციას რადიო "ათინათი" ავრცელებს.
"ძალადობდა და სცემდა ცოლს, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მისი მოკვლა სცადა. რამდენიმე წლის წინ მოხდა მსგავსი, მაგრამ მაინც შეურიგდა ქმარს და მასთან ცხოვრობდა ზუგდიდში. 2 დღე არ გამოჩენილა არც სოციალურ ქსელში, არც სამსახურში და რომ მიაკითხეს, გარდაცვლილი დახვდათ საცხოვრებელში. ქმარს წაღებული აქვს დოკუმენტები, ტელეფონები და გაქცეულია", - გვითხრა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, შაბათს მოხდა. ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებული საკითხები ოჯახს ჯერ გარკვეული არა აქვს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.