ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად წამლით ინტოქსიკაცია სახელდება

  14:43:41     03-09-2020

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ოჯახის წევრებს და უფლებადამცველს უკვე გადაეცა, თუმცა დასკვნა საჯარო არ არის.

"ფორმულას" ინფორმაციით , ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში წერია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაციაა.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არც პროკურატურას და არც ოჯახის ადვოკატს არ გაუსაჯაროებია. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ჯერჯერობით სრულად არ გაცნობია.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში, რომელიც "ფორმულამ" მოიპოვა, წერია, რომ აღებულ ნიმუშებში წნევის წამლების კვალი გამოჩნდა.

"ბაჩალიაშვილის ცხედრის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული", - წერია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში.